ძიუდო

19:18 | 30.08.2010 | ნანახია [] - ჯერ

თბილისური საკონტროლოები ტოკიოს წინ

მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ დასკვნით შეკრებაზე მყოფმა საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა დიღომში მდებარე შოთა ჩოჩიშვილის სახელობის ძიუდოს აკადემიაში ღია ვარჯიში ჩაატარა, რომელსაც სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და ძიუდოს ფედერაციის ხელმძღვანელები დაესწრნენ.
ვარჯიშისთვის განკუთვნილი დროის უმეტესი ნაწილი მწვრთნელმა საკონტროლო შეხვედრებს დაუთმო - მსოფლიოს პირველობაზე წასაყვან შეგირდებს ნაკრების სხვა კანდიდატები დააჭიდა. ნავარჯიშევს კი ძიუდოისტებს დარბაზშივე მყოფმა მოძღვარმა დაულოცა გზა.
მსოფლიოს ჩემპიონატი 9-13 სექტემბერს, ტოკიოში გაიმართება და მასში მონაწილეობას 15 ქართველი მიიღებს. ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის გადაწყვეტილებით, ამიერიდან მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებში მონაწილე ქვეყნებს თითო წონით კატეგორიაში ორ-ორი მონაწილის დაყენების უფლება ექნებათ. საქართველოს ნაკრები ამ ქვოტას მაქსიმალურად გამოიყენებს.
“პირველად ხდება, რომ მონაწილე ქვეყანას თითო წონაში ორი სპორტსმენის გამოყვანის უფლება ეძლევა. ამით უფრო მეტ ქართველ ძიუდოისტს მიეცემა მსოფლიოში თავის წარმოჩენის შანსი, ჩვენ კი, უფრო მეტი ნერვიულობა მოგვიწევს. იმედია ჩვენი ბიჭები დაკისრებულ ამოცანას თავს კარგად გაართმევენ და უმაღლესი მიზნებისთვის იბრძოლებენ” – უთხრა “მსოფლიო სპორტს” სპორტის მინისტრმა ლადო ვარძელაშვილმა და იქვე, უკვე უამრავჯერ ნათქვამიც გაიმეორა - სპორტის სამინისტროს მხრიდან სპორტსმენებს მხარში დგომა არასოდეს მოაკლდებათო.
ძიუდოს ფედერაციის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა გიორგი ალექსიძემ გვაცნობა, რომ ქართველთა გარდა ჩემპიონატზე 2 შემადგენლობით მხოლოდ 5 ნაკრები გამოვა – იაპონია, სამხრეთ კორეა, ამერიკის შეერთებული შტატები, რუსეთი და მონღოლეთი.
უშუალოდ ვარჯიშს მივუბრუნდეთ - ვარლამ ლიპარტელიანი დღეს მხოლოდ მსუბუქად დაიტვირთა. ნაკრების ერთ-ერთ ლიდერს მხრის ტრავმა აწუხებს და უკვე კვირაზე მეტია, ბოლომდე ვერ იხარჯება.
“თბილისური შეკრება მთლიანად გამიცდა. წინა შეკრებაზე, ბორჯომში მხრის ტრავმა მივიღე. საბედნიეროდ, სერიოზული არაფერია. მოტეხილობას გადავურჩი, მხოლოდ მყესები დამეჭიმა და როგორც ექიმები მეუბნებიან უახლოეს დღეებში სრული დატვირთვით შევძლებ ვარჯიშს. თუ ამ ერთკვირიანი უქმობის პერიოდს არ ჩავთვლით, მთელი მოსამზადებელი ციკლი კარგად გავიარე და ვფიქრობ, მსოფლიოს ჩემპიონატს სრულ მზადყოფნაში შევხვდები” – განაცხადა ლიპარტელიანმა.
მძიმეწონოსანმა ლაშა გუჯეჯიანმა კი ნაკრების წევრთაგან ყველაზე ოპტიმისტური კომენტარი გააკეთა:
“ასე კარგ ფორმაში აქამდე არასოდეს ვყოფილვარ. ამას ვარჯიშებზეც ვგრძნობ და საკონტროლო შეხვედრებისასაც. სრულყოფილი მოსამზადებელი კურსი გავიარე და ალბათ თავდაჯერება ამანაც შემმატა. ბოლომდე ვიბრძოლებ, დანარჩენი კი ტოკიოში გამოჩნდება”.
ნაკრების მთავარმა მწვრთნელმაც დაადასტურა, რომ ამ ეტაპზე ყველა ძიუდოისტი საკუთარ ოპტიმალურ ფორმასთან ძალიან ახლოსაა, თუმც პროგნოზის გაკეთებისგან თავი შორს დაიჭირა:
“მსოფლიოს ჩემპიონატისთვის გუნდმა 3 მოსამზადებელი ეტაპი გაიარა. პირველ ეტაპს ბაკურიანმა უმასპინძლა, შემდეგ ბორჯომში ვივარჯიშეთ და ბოლოს თბილისში შევკრიბე ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა. აღსანიშნავია ასევე ბელარუსული შეკრებაც, რომელშიც ჩვენს გარდა მონაწილეობა 18 ქვეყნის ნაკრებმა მიიღო. ერთობლივი ვარჯიშები ბიჭებისთვის ძალიან სასარგებლო იყო. ისინი ამ ეტაპზე მაქსიმალურად არიან მზად, უმაღლესი მიზნებისთვის იბრძოლონ. პროგნოზების გაკეთება არ მიყვარს. მით უმეტეს ასეთ დროს, როცა პირველად, მონაწილეთა რაოდენობა გაორმაგდა და თან ჩემპიონატს ძიუდოს სამშობლო იაპონია მასპინძლობს. შედეგს ჩემპიონატი დაგვანახებს. მედლებისთვის ბრძოლა საქართველოს ნაკრების ყველა წევრს შეუძლია” – უთხრა “მსოფლიო სპორტს” ამირან ტოტიკაშვილმა.
დასასრულ, შეგახსენებთ საქართველოს ნაკრების შემადგენლობას:
60 კგ

დავით ასუმბანი, ამირან პაპინაშვილი
66 კგ
მინდია ხომიზური, შალვა ქარდავა
73 კგ
ზაზა კედელაშვილი, ნუგზარ ტატალაშვილი
81 კგ
ლევან წიკლაური, გიორგი შინჯიკაშვილი
90 კგ
ვარლამ ლიპარტელიანი, მინდია ბოდაველი
100 კგ
ირაკლი ცირეკიძე, ლევან ჟორჟოლიანი
+100 კგ
ლაშა გუჯეჯიანი, ადამ ოქრუაშვილი
აბსოლუტური
ალექსანდრე მსხალაძე

ოთარ მაღლაკელიძე

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.161008