ავტომოყვარულთათვის თბილისობის დღესასწაულმა ორი ღონისძიების თანხლებით ჩაიარა - 24 ოქტომბერს, 10.00 საათზე, „რომპეტროლის სეზონი 2010“-ის ფარგლებში, აღმაშენებლის ხეივნის მე-9 კილომეტრზე მდებარე „რომპეტროლის“ ბენზინგასამართი სადგურიდან საავტომობილო რალი დაიწყო. 12.00 საათზე კი, ვარდების მოედანზე გაიხსნა ავტოჟურნალის „აუტო ბილდის“ ანტიკვარული და ახალი მანქანების ავტოშოუ, სადაც საწვავით უზრუნველყოფის გარდა, „რომპეტროლმა“ სპეციალური საჩუქრებიც დააწესა.
რალიში 16 ავტომანქანა მონაწილეობდა და შეჯიბრის ფარგლებში ავტომრბოლებს ალგეთის მიმდებარე მთაგორიან ადგილებში მომზადებული სპეც-მონაკვეთების გადალახვა მოუწიათ.
„მრბოლებს მიეცათ გადაადგილების გრაფიკი. თბილისიდან გასვლამდე ისინი მკაცრად იცავდნენ ქალაქში მოძრაობის წესებს. ეს რალის ერთ-ერთი პირობაა, ხოლო რაც შეეხება სირთულეებს, მათ ალგეთის მთების დალაშქვრა და სხვადასხვა წერტილებში არსებული სირთულეების გადალახვა მოუწიათ. ფინიში ზუსტად 17 საათზე კვლავ “რომპეტროლის” ბენზინგასამართ სადგურზე შედგა, სადაც გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ,“ – განაცხადა საქართველოს სააავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტმა მევლუდ მელაძემ, რომელიც სხვათა შორის თავად გახდა ერთ-ერთი კლასის გამარჯვებული.
“თბილისობას ყველა დიდი სიხარულით აღნიშნავს და ჩვენც ვერ გამოვაკლდებოდით ამ დღესასწაულს. რალის გამარჯვებულთათვის „რომპეტროლმა“ საპრიზო ფონდად ერთი ტონა საწვავი დააწესა, რომელიც ორ კატეგორიაში სამ საპრიზო ადგილზე გადანაწილდა. ასევე სიამოვნებით შევუერთდით „აუტო ბილდის“ ავტოშოუს, სადაც საგამოფენოდ და გასაყიდად გამოტანილი იყო ანტიკვარული და ახალი მანქანები. ყველას, ვინც შოუზე შეიძინა ავტომანქანა, საჩუქრად 50 ლიტრი “ეფიქსი” გადავეცით, საინტერესო პირობებს ავტომოყვარულებს სხვა სპონსორებიც სთავაზობდნენ“, – განაცხადა „რომპეტროლ საქართველოს“ გენერალურმა დირექტორმა ალექსანდრე ალბინმა.
ქვემოთ, გუშინდელი რალის შედეგებთან ერთად, ნაჩვენებია, თუ რამდენი ლიტრი საწვავი ერგოთ პრიზიორებს:
აბსოლუტური
1. ოთარ თავართქილაძე-ირაკლი ლობჟანიძე (250 ლ)
2. ბესო ბოჭორიშვილი-სანდრო თავართქილაძე (150)
3. სანდრო ლომაძე-გიორგი ფირცხალაიშვილი (100)
1600 კლასი
1. მევლუდ მელაძე-ლევან კვინიკაძე (250)
2. გიორგი მუხიგულაშვილი-ირაკლი ჩხეიძე (150)
3. ოვანეს კოგოსოვი-გიგა მურგულია (100)
2008 წლიდან ავტოსპორტის გენერალური სპონსორი „რომპეტროლ საქართველოა“. კომპანია მრბოლებს ყველა ეტაპზე უზრუნველყოფს საწვავით, ასაჩუქრებს გამარჯვებულებს და ტრადიციად აქცია მათი წარმატებების შეჯამება გალა-დაჯილდოვების ცერემონიაზე, რომელიც ყოველი ახალი ეტაპის დაწყებამდე ტარდება.
"რომპეტროლის სეზონი 2010"-ის ფარგლებში, შემდეგი საავტომობილო შეჯიბრი, 14 ნოემბერს, თბილისში გაიმართება, სადაც პროფესიონალები წრიულ რბოლაში მიიღებენ მონაწილეობას.
მაკა თოიძე







