ფეხბურთი

15:26 | 25.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

თბილისის "ლოკომოტივის" ახალი პროექტი: "სპარტაკთან" ერთად?

საყურადღებო ინფორმაციაა: თბილისის "ლოკომოტივმა", რომელიც 16-დან 20-წლამდე ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული, უმაღლესი ლიგის საგზური ვერ მოიპოვა, თუმცა  არის შანსი, გუნდის წამყვანმა ბირთვმა უმაღლესში მაინც ითამაშოს.

ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, იდეაშია ისეთი პროექტის განხორციელება, როგორც "ლოკომოტივსა" და ქუთაისის "ტორპედოს" შორის მოხდა შარშან. როგორც "მსოფლიო სპორტმა" შეიტყო, ეს ყველაფერი გადაწყვეტილი არაა, მაგრამ ამბობენ, რომ მოლაპარაკება მიმდინარეობს. როგორც იცით, "ლოკომოტივში" მრავლად არიან საქართველოს 19-წლამდე ნაკრების ფეხბურთელები. ასევე, 17 და 21-წლამდელთა ნაკრების მოთამაშეებიც.

და ვინ იქნება ამ შემთხვევაში "სპარტაკის" მწვრთნელი, ეს ჯერ უცნობია.

"სპარტაკმა" კი ეს ინფორმაცია უარყო – არცერთ გუნდთან გაერთიანება არ იგეგმებაო.

დავით ცაბაძე (ს.კ. ცხინვალის „სპარტაკის“ პრესატაშე): "თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ცხინვალის „სპარტაკი“ არც თბილისის „ლოკომოტივთან“ და არც სხვა რომელიმე კლუბთან არ ერთიანდება და ეს საკითხი არც კი განიხილება. ჩვენი გუნდის ფეხბურთელები ამჟამად შვებულებაში არიან. ივნისის დასაწყისში, „სპარტაკი“ კვლავაც კახი კაჭარავას ხელმძღვანელობით შეუდგება ახალი სეზონისთვის მზადებას. გვინდა ახალ სეზონში „სპარტაკმა“ უკეთესი შედეგი აჩვენოს და ამ მიზნით გუნდის გაძლიერებაზე მუშობა უკვე დაწყებულია. შესაბამისად, „სპარტაკში“ გარკვეული ცვლილებები იქნება, რასაც მასმედიას პერიოდულად ვაცნობებთ კიდეც..."

0.113166