კალათბურთი

17:49 | 27.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

თბილისის კალათბურთის ფედერაციამ გასული წელი შეაჯამა და სამომავლო გეგმები დასახა

27 დეკემბერს, სასტუმრო “ჰოლიდეი ინის” საპრესკონფერენციო დარბაზში, თბილისის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვახტანგ ნაცვლიშვილმა, რომელიც პარალელურად საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბის “დინამოს” პრეზიდენტიცაა, მასმედიის წინაშე ფედერაციის მიერ 2013 წელს გაწეული მუშაობა შეაჯამა და მომდევნო, 2014 წლის გეგმებზეც ისაუბრა.

ნაცვლიშვილთან ერთად ღონისძიებას თბილისის კალათბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი მიხეილ კეკელიძე (უმცროსი), გამგეობის წევრი და ამავდროულად “დინამოს” მთავარი მწვრთნელი ირაკლი ხოშტარია, ნაცვლიშვილის კონსულტანტი და მისი მეგობარი, სერბი კალათბურთელი, “დინამოს” ყოფილი წევრი ალექსანდრ ზესევიჩი, საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ვიცე პრეზიდენტი კახაბერ შენგელია, ვეტერანი კალათბურთელები და მიხეილ ქორქია-ზურაბ საკანდელიძის მე-9 მემორიალის გამარჯვებული “დინამოს” კალათბურთელები ესწრებოდნენ.

ვახტანგ ნაცვლიშვილი: “ერთი წელიც არაა, რაც თბილისის კალათბურთის ფედერაცია არსებობს და უამრავი კარგი საქმე გავაკეთეთ. ჩავატარეთ ზურაბ საკანდელიძის (უმცროსი) სახელობის ტურნირი ოლიმპიური რეზერვების სკოლასთან ერთად. ჩავატარეთ 3X3-ზე კალათბურთში რამდენიმე ტურნირი. მათ შორის თბილისის პირველობა, რომლის გამარჯვებულმა გუნდმაც საერთაშორისო ტურნირში მიიღო მონაწილეობა. ასევე ჩავატარეთ ტურნირები 3X3-ზე თბილისობის დღეებში და არაპროფესიონალ კალათბურთელთა შორის.

მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო თბილისის აწ უკვე ყოფილ მერს გიგი უგულავას (სასამართლოს გადაწყვეტილებით, თბილისის მერს გიგი უგულავას ამჟამად უფლებამოსილება შეჩერებული აქვს – რედ.) და მერიის წარმომადგენელ მერაბ ჩიქობავას, რომლებმაც დახმარება გაგვიწიეს ზემოთ ნახსენები ტურნირების ჩატარებაში.

ჩვენი მიზანია 3X3-ზე ტურნირები კიდევ უფრო გავაფართოვოთ და პოპულარიზაცია გავუწიოთ. რაც შეიძლება მეტი ტურნირები ჩავატაროთ ბავშვების მონაწილეობით, რაც მათი, როგორც სპორტსმენების ზრდის პროცესს ხელს შეუწყობს.

თბილისის კალათბურთის ფედერაციის მიერ დაგეგმილი ტურნირების ჩამონათვალში ნახავთ, რომ საერთაშორისო ტურნირების ჩატარებასაც ვგეგმავთ. გადაწყვეტილია, რომ თბილისის კალათბურთის ფედერაციის 2014 წლის ბიუჯეტი გაორმაგდება, რაც ხელს შეგვიწყობს, რათა კიდევ უფრო მეტი გავაკეთოთ საქართველოში კალათბრუთის განვითარებისთვის.

თბილისის კალათბურთის ფედერაციის მიერ 2014 წელს დაგეგმილ ღონისძიებათა კალენდარი

  1. თბილისის ნაკრების ზამთრის ფიზ-მომზადების შეკრება
  2. თბილისის ღია პირველობა 3X3 კალათბურთში პროფესიონალებს შორის
  3. თბილისის პირველობა ჭაბუკთა შორის 2000-2001წწ.
  4. თბილისის ღია პირველობა გოგონებს შორის
  5. თბილისის პირველობა ჭაბუკთა შორის 2002-2003წწ.
  6. თბილისის პირველობა ჭაბუკთა შორის 2003-2004წწ.
  7. მსოფლიო ტურის ეტაპი საერთაშორისო ტურნირი 3X3 პროფ. კალათბურთელთა შორის “Tbilisi challenge 2014”
  8. პროფესიონალურ კლუბებს შორის მერიის თასის გათამაშება
  9. 3X3 ტურნირი სახელწოდებით “თბილისობა 2014”
  10. 3X3 თბილისის ზამთრის ტურნირი
  11. 3X3 ტურნირი მოყვარულ კალათბურთელთა შორის
0.175671