ძიუდო

17:00 | 8.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

თბილისის გრან პრი 30-მდე ქვეყანას გააერთიანებს

საქართველოს ძიუდოს ფედერაციამ და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ 21-23 მარტს თბილისის სპორტის სასახლეში გასამართი პრესტიჟული საერთაშორისო ტურნირის - გრან პრის სამზადისთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართა. საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმა, ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ქევხიშვილმა და ტურნირის სპონსორი კომპანიების: "აქვა გეოსა" და “ზედაზენის” წარმომადგენლებმაც ისაუბრეს.

“პირველად ვუწევთ ორგანიზებას ტურნირს, რომლის საპრიზო ფონდიც 100 ათასი დოლარია და რომელსაც მცირე მსოფლიოს ჩემპიონატსაც კი უწოდებენ. ქართული ძიუდო განვითარების სწორ გზას ადგას ამაზე ბოლოდროინდელი წარმატებებიც მეტყველებს და რაც მთავარია, ბავშვთა ძიუდოშიც ძალიან საიმედო მდგომარეობაა. იხსნება ახალი დარბაზები. მადლობა დავით ქევხიშვილს, რადგან ეს წარმატებები ძიუდოს ფედერაციის კარგად მუშაობის შედეგია. მომავალი გრან პრიც ამ სახეობის წინსვლის კიდევ ერთი წინაპირობაა. ტურნირის ორგანიზატორები სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსთან, საქართველოს ძიუდოს ფედერაციასთან და ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციასთან ერთად, “სნო” და “ზედაზენიც” არიან და მინდა ამ კომპანიებსაც გადავუხადო მადლობა მხარში დგომისთვის. ასევე მადლობა ტურნირის მხარდამჭერ თბილისის მერიას. იმედია, გრან პრის უმაღლეს დონეზე ვუმასპინძლებთ” – განაცხადა ლევან ყიფიანმა.

ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა თავის მხრივ სპორტის მინისტრს გადაუხადა მადლობა, ძიუდოს წინსვლისთვის გაწეული შრომისთვის. მომავალ ტურნირთან დაკავშირებით დავით ქევხიშვილმა აღნიშნა, რომ ფედერაციის გადაწყვეტილებით, დასწრება უფასო იქნება და გულშემატკივრებს სპორტის სასახლის ტრიბუნების შევსებისკენ მოუწოდა. კომპანიების წარმომადგენლებმა კი განაცხადეს, რომ ქართული სპორტის მხარში დგომა მათთვის უდიდესი პატივია.

ბოლო ინფორმაციით, თბილისის გრან პრისთვის რეგისტრაცია გაიარეს: დიდმა ბრიტანეთმა, ირლანდიამ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, სერბეთმა, უზბეკეთმა, იტალიამ, სლოვენიამ, ირანმა, რუმინეთმა, ეგვიპტემ, ლიტვამ, თურქმენეთმა, ხორვატიამ, რუსეთმა, მონღოლეთმა, უნგრეთმა, ყაზახეთმა, ესტონეთმა, აზერბაიჯანმა, ტოგომ, სომხეთმა, ისრაელმა, პორტუგალიამ, თურქეთმა, ჩეხეთმა, საფრანგეთმა, სამხრეთ კორეამ და უკრაინამ. ამათგან, ფრანგები გრან პრიზე მხოლოდ მსაჯით იქნებიან წარმოდგენილნი. მონაწილეთა შორის არაა იაპონია, რომელიც თბილისურ ტურნირს შიდა ჩემპიონატის გამო ტოვებს.

გრან პრიზე დასასწრებად საქართველოში ჩამოვა ძიუდოს საერთშორისო ფედერაციის პრეზიდენტი - მარიუს ვიზერი, სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად.

პრესკონფერენციაზე დამსწრეთ ტურნირის სპეციალური ლოგო და თილისმაც წარუდგინეს. სარეკლამო კომპანია „ვინდ ფორსის" იდეის მიხედვით, ტურნირის თილისმა - კავკასიური ჯიქი „ნოე" იქნება, რომელიც გამბედაობისა და სიმამაცის სიმბოლოა.

დაბოლოს, საქართველოს ნაკრები ტატამზე უძლიერესი შემადგენლობით გავა. კიმონოს სულ 28 ქართველი ძიუდოისტი მოირგებს.

0.140826