ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიურ დღეებს, რომელიც 2003 წლიდან ფესტივალის სახელს ატარებს, არცთუ ისე ხანგრძლივი – 19 წლიანი ისტორია აქვს. მიუხედავად ამისა იგი სერიოზული რანგის სპორტულ შეჯიბრებად ითვლება და სპეციალისტები მას პირობითად “,მცირე ოლიმპიადასაც" უწოდებენ.
უკვე გადაწყვეტილია, რომ 2011 და 2013 წლის ზაფხულის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს შესაბამისად ტრაბზონი და უტრეხტი უმასპინძლებს, ხოლო 2015 წელს თუ სად ჩატარდება რიგით XIII თამაშები თბილისსა თუ ბრნოში სულ მალე, რამდენიმე თვეში გაირკვევა.
მანამდე კი, ქალაქის მუნიციპალიტეტისა და ოლიმპიური კომიტეტის ორგანიზებით გრძელდება ,”თბილისი 2015”-ის პროექტის მხარდამჭერი ღონისძიებები. ამჯერად, მეტროსადგურ “,წერეთელთან” ძიუდოს ტატამი გაიშალა. ღონისძიებაში სეოკ-ის პრეზიდენტი გია ნაცვლიშვილი, მერობის კანდიდატი გიგი უგულავა, ძიუდოს ფედერაციის წარმომადგენლები, დამწყები და მოქმედი ძიუდოისტები (მათ შორის ვარლამ ლიპარტელიანი და დავით ასუმბანი) მონაწილეობდნენ.
იქვე მოსახლეობა ხელმოწერებით ადასტურებდა, რომ მზად არიან ერთად ვუმასპინძლოთ ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიურ ფესტივალს. სპეციალურ დაფაზე საკუთარი ხელმოწერა დააფიქსირა გიგი უგულავამაც.
მომდევნო მხარდამჭერი აქცია 10 მაისს ცურვაში ჩოლოყაშვილის ქუჩაზე მდებარე საერთაშორისო სტანდარტებით აღჭურვილ ახლადგარემონტებულ საწყლოსნო კომპლექსში იგეგმება.







