დღეს, ესტონეთის დედაქალაქ ტალინში გამართულ ევროპის მძლეოსნობის ფედერაციის კონგრესზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, 2014 წლის 20-24 ივნისს თბილისი მძლეოსნობაში ევროპის გუნდურ ჩემპიონატს უმასპინძლებს.
საქართველოს მძლეოსნობის ფედერაციის პრეზიდენტის ალექსი ახვლედიანის განცხადებით, რომელიც კონგრესზე იმყოფება, ფედერაციის რამდენიმეთვიანმა მუშაობამ შედეგი გამოიღო და ევროპის მძლეოსნობის ფედერაციამ ჩემპიონატის ჩატარების უფლება საქართველოს მიანიჭა.
ევროპის გუნდური ჩემპიონატი (მე-3 ლიგა) 2014 წლის 20-24 ივნისს გაიმართება და საქართველო მასპინძლობას გაუწევს 15-მდე ქვეყანას, 1000-ზე მეტ სტუმარს და 700-მდე სპორტსმენს.
აღსანიშნავია, რომ 2014 წლის ევროპის გუნდური ჩემპიონატი, თბილისში 2015 წლის ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ორგანიზებისათვის გენერალურ რეპეტიციად განიხილება. მძლეოსნობა სპორტის იმ 9 სახეობაში შედის, რომელიც ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის პროგრამაშია.
www.msy.gov.ge