ქართულ სპორტში ჯერჯერობით კიდევ არის შემორჩენილი კომპლექსი სიმართლისა და კრიტიკის მიმართ. რატომღაც ყველას სურს, რომ დითირამბები უმღერო, მაგრამ როგორც კი მწარე სიმართლეს ეტყვი ან გააკრიტიკებ, აგრესია უჩნდებათ. შემდეგ იწყება ამა თუ იმ ფედერაციის ჩინოვნიკების, მწვრთნელების, სპორტსმენების, რედაქციებში ან ჟურნალისტებთან რეკვა ფრაზით: “ეს რა დაგიწერია”. ზოგი მეტ-ნაკლებად დელიკატურია, ზოგი ცდილობს ეგრევე იერიშზე გადმოვიდეს...
შეუცდომელი არავინაა, მათ შორის სპორტული ჟურნალისტი და დასაბუთების შემთხვევაში შეცდომაც ჩასწორდება.
როდესაც სპორტში დამსახურების მქონე ადამიანი არგუმენტებით გეკამათება, მისაღებია და მართლაც რაღაც ჭეშმარიტებამდე შეიძლება მიხვიდე. თუმცა, როდესაც 20 წლის ბიჭი (მამუკა კობახიძე), რომელსაც ქართულ ფეხბურთში ჯერ არაფერი გაუკეთებია, ხოლო ყაზანის “რუბინის” დუბლშემადგენლობაში დამკვიდრებას ახლა ცდილობს და ორჯერ უფროს ჟურნალისტს დაგირეკავს, რათა “საქმე გაგირჩიოს”, რბილად რომ ვთქვათ, თავხედობაა. თორემ, ამას სხვა შესატყვისიც მოეძებნება მდიდარ ქართულ ლექსიკონში. ჯერ ელემენტარული ზრდილობა უნდა გქონდეს.
ბუნებრივია, მას “საქმეს” არავინ “გაარჩევინებდა” და ეს მცდელობა თავშივე მკაცრი პასუხით აღიკვეთა. ცხადია, კიდევ ერთი ასეთი გამოხდომის შემთხვევაში, პასუხი უფრო მკაცრი იქნება.
ყველაზე საინტერესო, ზარის მიზანი იყო. ფეხბურთელი, რომელსაც ცსკა-ს დუბლშემადგენლობასთან ყაზანელთა რიგებში არ უთამაშია, ამტკიცებდა, რომ მოედანზე იყო. არადა, თავისი კლუბის ვებგვერდზე შავით თეთრზე წერია, რომ არ უთამაშია. იგივე წერია ცსკა-ს ვებგვერდზე და სხვა და სხვა რუსულ გამოცემებში. მათ შორის, ისეთ ავტორიტეტულში, როგორიც “სპორტ-ექსპრესია”.
რატომღაც ზოგიერთებს სპორტული ჟურნალისტები “დაბალი ღობე” ჰგონიათ და სეტყვას რომ ქვა დახვდება, მერე უკვირთ. ან ფიქრობენ, რომ თავისი ზარით ვინმეს შეაშინებენ. ასეთებს ერთს ვურჩევ, სანამ მსგავს ნაბიჯს გადადგამენ, შედეგზე კარგად დაფიქრდნენ. 20 წლის რომ ასე იწყებ, ნამდვილად "ვერ გაფრინდები” და შენ აგენტთან ერთად კარიერას სახალინზე ან მაქსიმუმ ხაბაროვსკში დაასრულებ. ისე თუ ვაჟკაცობა გყოფნის ადამიანს, ყაზანიდან რეკვას, საქართველოში როდესაც ჩახვალ რედაქციაში მისულმა არგუმენტებით დაამტკიცე შენი სიმართლე.
ხომ წარმოგიდგენიათ საშუალო დონის ევროპულ ქვეყანაშიც კი, ფეხბურთელმა ჟურნალისტს რომ ტელეფონზე დაურეკოს და “საქმის გარჩევა” მოინდომოს, მისი კარიერა როგორ დაზარალდება. სხვათა შორის, საქართველოშიც კლუბების, ასაკობრივი და ეროვნული ნაკრების მესვეურები ყურადღებას უფრო მეტად თუ მიაქცევენ, რომ “ტრუსიკიანი ვითომ ძველი ბიჭები” გუნდში არ “შეეპაროთ”, კარგი იქნება...