თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ტიტულიანმა წევრმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა (50 კგ) შიდა კონკურენციაში თავისი პირველნომრობა კიდევ ერთხელ დაამტკიცა. დიღმის ძიუდოს აკადემიაში ჩატარებულ “საქართველოს თასზე” გორელმა სპორტსმენმა ოთხი შეხვედრა მოიგო და ჩემპიონი გახდა, რითაც მსოფლიოს წლევანდელ ჩემპიონატზე ჭიდაობის უფლება მოიპოვა. საჩემპიონო გზაზე ხინჩეგაშვილმა ოთხი მეტოქე ჩამოიშორა, მათ შორის ორი გამოცდილი მოჭიდავე: მურთაზ კვესაძე და მალხაზ ზარქუა. ცნობისთვის, კვესაძესთან პირველი პერიოდი მინიმალური ანგარიშით წააგო და საბოლოო გამარჯვება მეორე პერიოდში აგროვებული 9 ქულით მოიპოვა. ფინალში კი ზარქუას ორი სამწუთეულის ჯამში 6:2 აჯობა.
დღესვე ჩემპიონ-პრიზიორები 74 და 96 კილოგრამ წონით კატეგორიებშიც გამოვლინდნენ. 74-ში ხალიჩაზე არ გასულა წონის ლიდერი დავით ხუციშვილი, რომელმაც თბილისურ ევროპირველობაზე მიღებული მხრის ტრავმა ჯერაც ვერ მოიშუშა. მთავარი ფავორიტის არყოფნაში, 34-კაციან შიდა კონკურენციაში ყველას თბილისელმა იაკობ მაქარაშვილმა აჯობა. მან ფინალში, საოცრად ლამაზ და დაძაბულ ბრძოლაში ქუთაისელ გიორგი სანოძეს 13:12 მოუგო. იქამდე კი ერბოწონაშვილი, ნოზაძე, ტლაშაძე და ივანიშვილი ჩამოიშორა.
96 კილოგრამში ტურნირის დაწყებამდე ჩემპიონობის უმთავრესი კანდიდატი ელიზბარ ოდიკაძე იყო, მაგრამ საბოლოოდ ისე მოხდა, ნაკრების წევრი მხოლოდ მესამე ადგილს დასჯერდა. ძირითად ბადეში გამოსვლა ოდიკაძეს დავით ქერაშვილმა დაასრულებინა – 5:2, 2:0. კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზეც სწორედ ქერაშვილი ავიდა. ოდიკაძემდე მან ზურაბ ახობაძეს მოუგო, ნახევარფინალში – ბექა ჭელიძეს, ფინალში კი გორელ ომარ გუსოშვილს 4:3 მოგებული პირველი პერიოდის შემდეგ, მეორეში შანსი არ დაუტოვა – 6:0.
“საქართველოს თასის” ჩემპიონები მსოფლიოს ჩემპიონატზე წასაყვან შემადგენლობაში მოხვედრის უმთავრესი კანდიდატები გახდნენ, თუმცა უშანსოდ არც პრიზიორები არიან. ნაკრების მთავარი მწვრთნელი რევაზ მინდორაშვილი მათ შორის არჩევანს საერთაშორისო ტურნირებსა და მოსამზადებელ შეკრებებზე დაკვირვების შემდეგ გააკეთებს. პირველი შეკრება სავარაუდოდ 1 ივლისს დაიწყება. იქამდე კი, მომავალ შაბათ-კვირას “საქართველოს თასს” ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები გაითამაშებენ.
თავისუფალი ჭიდაობა
საქართველოს თასი
თბილისი
22-23 ივნისი
55 კგ
1 გიორგი ედიშერაშვილი (აჭარა)
2 კოტე ხუციშვილი (გორი)
3 გივი დავიდოვი (საჩხერე)
3 გიორგი ლეჟავა (სამტრედია)
60 კგ
1 ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (გორი)
2 მალხაზ ზარქუა (აჭარა)
3 მურთაზ კვესაძე (ქუთაისი)
3 ამირან ყაზარაშვილი (გორი)
66 კგ
1 ლევან ქელეხსაშვილი (ხაშური)
2 დავით ბერძენიშვილი (გორი)
3 კონსტანტინე ხაბალაშვილი (გორი)
3 თენგიზ ჩოჩიშვილი (გორი)
74 კგ
1 იაკობ მაქარაშვილი (თბილისი)
2 გიორგი სანოძე (ქუთაისი)
3 რევაზ ივანიშვილი (გარდაბანი)
3 გიორგი მარსაგიშვილი (სტეფანწმინდა)
84 კგ
1 სანდრო ამინაშვილი (გარდაბანი)
2 გიორგი თხელიძე (გორი)
3 ნოდარ ეგაძე (გორი)
3 ოთარ უროტაძე (ქუთაისი)
96 კგ
1 დავით ქერაშვილი (თბილისი)
2 ომარ გუსოშვილი (გორი)
3 ელიზბარ ოდიკაძე (თბილისი)
3 მამუკა კორძაია (აჭარა)
120 კგ
1 გენო პეტრიაშვილი (გორი)
2 თორნიკე ხიდაშელი (გარდაბანი)
3 გიორგი ქართველიშვილი (თბილისი)
3 გიორგი საკანდელიძე (თბილისი)