ჭიდაობა

22:25 | 29.11.2011 | ნანახია [] - ჯერ

თავისუფლებმა სეზონი დახურეს

“ძალიან გახარებული ვარ. გადატანილი ოპერაციისა და ხანგრძლივი სარეაბილიტაციო პერიოდის შემდეგ, ხალიჩაზე დავბრუნდი და რაც მთავარია, წარმატებულად. ლონდონის ოლიმპიური თამაშების მოსამზადებელ ციკლს სრული დატვირთვით ვიწყებ. ოლიმპიადას საუკეთესო სპორტულ ფორმაში შევხვდები, თუმცა იქამდე, ლიცენზია უნდა მოვიპოვო”, – განაცხადა საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ტიტულოვანმა წევრმა გიორგი გოგშელიძემ, არმიის სპორტული კლუბის დარბაზში საქართველოს ჩემპიონატის მოგებიდან რამდენიმე წუთში. ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონმა და ოლიმპიურმა პრიზიორმა, გულშემატკივრებს ერთხელაც დაუმტკიცა, რომ შიდა კონკურენციაში გამოკვეთილი ლიდერია. ოქროს მედალი ისე მოიპოვა, არც ერთი მეტოქისთვის მცირე შანსიც კი არ დაუტოვებია.
96 კილოგრამ წონით კატეგორიაში სულ 16 მონაწილე მოგროვდა. გოგშელიძე საჩემპიონო გზას თბილისელი ვიქტორ ყაზიშვილის ძლევით შეუყვა. შემდეგ, მცხეთელი ლევან ქობულაშვილი და აჭარის გუნდის წევრი მამუკა კორძაია ჩამოიცილა, ფინალში კი ელიზბარ ოდიკაძეს აჯობა. გადამწყვეტი შეხვედრის პირველი სეტი უქულოდ დასრულდა და ბურთულის ფერი ოდიკაძეს დაუჯდა, მაგრამ ამ უკანასკნელმა ფეხში შესვლა არათუ ვერ გამოიყენა, კონტრ-ილეთზეც წამოეგო. მეორე სეტში კი, გოგშელიძემ ძირითად დროშივე მოახერხა ოქროს ქულის აღება.
ახალ წონით კატეგორიაში მოსინჯა ძალა არჩილ ქიტიაშვილმა. 84 კილოგრამში თბილისის ოქროს გრან-პრის ფინალისტმა, ამჯერად 96-ში სცადა ბედი და სამეულამდე ერთადერთი მოგება დააკლდა - ძირითად ბადეში გამოსვლა მეოთხედფინალში შეწყვიტა, ოდიკაძესთან წაგებით. რეპეშაჟის ფინალში კი, დავით ქერაშვილთან დაძაბულ ორთაბრძოლაში დამარცხდა და საბოლოოდ მეხუთე ადგილს დასჯერდა. ქერაშვილთან ერთად, კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე მამუკა კორძაია ავიდა.
60 კილოგრამი გორული ფინალით დაგვირგვინდა. დავით ბერძნიშვილმა, სამსეტიან დაძაბულ შეხვედრაში გიორგი ბალიაშვილს აჯობა. არადა, ფინალი ისე დაიწყო, ბალიაშვილის წარუმატებლობას ვერავინ იფიქრებდა. ჯერ იყო და, პირველი სეტი სამქულიანი გდებით მოიგო, შემდეგ კი მეორეშიც დაწინაურდა და ის იყო, გამარჯვება უნდა ეზეიმა, უეცრად მეტოქის სწრაფ და მძლავრ შეტევას ვერ გაუმკლავდა და საფინალო სირენამდე წამით ადრე, საჭიდაო ხაზს მიღმა გადგა ფეხი. გადამწყვეტ სეტში საქმე ბურთულის ამოღებამდე მივიდა. ფერი კი ბერძნიშვილს დაუჯდა და მანაც საჩუქარი შეირგო.
მესამე საპრიზო ადგილები ბოლნისელმა მალხაზ ქურდიანმა და ქუთაისელმა მურთაზ კვესაძემ დაიკავეს. ამ მოჭიდავეებმა, იქამდე ქუთაისელი ძმები, ლაშა და გოჩა ლომთათიძეები ჩამოიშორეს და რადგან მერე თავადაც ფინალს მიღმა დარჩნენ, ლომთაძეებს ბრინჯაოს გზაც ჩაეკეტათ.
აქვე, ბერძნიშვილისგან ფინალამდე ძლეულთა სრული ჩამონათვალიც: გიორგი დაბრუნდაშვილი (თბილისი), აბრამ ჯაბაური (თბილისი), ამირან ყაზარაშვილი (გორი), მურთაზ კვესაძე (ქუთაისი).
74 კილოგრამ წონით კატეგორიაში, სატურნირო ბადეში 36 სპორტსმენი გადანაწილდა. საქართველოს ნაკრების წევრ დავით ხუციშვილის არყოფნაში, ერთ-ერთ უმთავრეს ფავორიტად გელა საღირაშვილი მიიჩნეოდა, მაგრამ საბოლოოდ ისე მოხდა, სულაც სამეულს მიღმა დარჩა - ოქრო-ვერცხლისთვის ბრძოლას მეოთხედფინალიდან გამოეთიშა სამტრედიელ გოგა ხუჭუასთან წაგებით.
შეხვედრა, რომელიც სანახაობრივად ერთ-ერთი საუკეთესო გამოდგა მთელი დღის განმავლობაში, სამი სეტი გაგრძელდა. პირველი სეტის ძირითადი დრო უქულოდ გაილია. ფეხში შესვლის უპირატესობა კი საღირაშვილს ერგო და დაწინაურდა კიდეც. მეორე ორწუთეული ხუჭუამ მძლავრი შეტევით დაიწყო და 4 ქულის აღებაც მოახერხა. საღირაშვილი სწრაფადვე გააქტიურდა და სხვაობის შემცირებას შეუდგა, მაგრამ 3:4-ზე სირენამ მიუსწრო. უკიდურესად დაძაბულ გადამწყვეტ სეტში ერთადერთი ქულიანი ილეთი შესრულდა და ნახევარფინალის საგზურს მისი გამკეთებელი ხუჭუა დაეუფლა, მაგრამ ამ გამარჯვებას იმხელა ენერგია შეალია, კარგახანს ხალიჩიდან წამოდგომა ვერ შეძლო.
სულ რაღაც ნახევარ საათში, ხუჭუამ უკვე მორიგი სამსეტიანი ბრძოლა გადაიტანა 19 წლის საგარეჯოელ ზურაბ ერბოწონაშვილთან. იქაც ბოლომდე დაიხარჯა და შეხვედრის ბოლოს ისევ ექიმების დახმარება დასჭირდა. ბადის მეორე მხარეს, ყველაზე ყოჩაღად თბილისელმა იაკობ მაქარაშვილმა იჭიდავა. ფინალის გზაზე მან ხუთ მეტოქეს მოუგო: დედოფლისწყაროელ გურამ გონაშვილს, სტეფანწმინდელ გიორგი მარსაგიშვილს, აჭარელ ჯაბა ქადიძეს, ხონელ გიორგი სანოძესა და თბილისელ ილია ხუციშვილს. ამ შეხვედრამდე, ხუციშვილმა ეფექტური ჭიდაობით მიიქცია მაყურებელთა ყურადღება და ბევრი, ფინალში გასვლის უმთავრეს ფავორიტადაც მიიჩნევდა, მაგრამ მაქარაშვილმა დამაჯერებლად აჯობა. ასევე უპრობლემოდ მოიპოვა გადამწყვეტი გამარჯვებაც – ერბოწონაშვილს პირველ სეტში ბოლო წამებზე აღებული ქულით აჯობა, ხოლო მეორეში სულაც 8 ქულა აუღო. ბრინჯაოს მედლებს ხუჭუა და მარსაგიშვილი დაეუფლნენ.
თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა 2011 წლის სეზონი უკვე დაასრულეს. ბერძენ-რომაელები კი, საქართველოს ახალ ჩემპიონ-პრიზიორებს 23-25 დეკემბერს გამოავლენენ.

თავისუფალი ჭიდაობა
საქართველოს ჩემპიონატი
თბილისი
29 ნოემბერი

60 კგ

1 დავით ბერძნიშვილი (გორი)
2 გიორგი ბალიაშვილი (გორი)
3 მურთაზ კვესაძე (ქუთაისი)
3 მალხაზ ქურდიანი (ბოლნისი)

74 კგ
1 იაკობ მაქარაშვილი (თბილისი)
2 ზურაბ ერბოწონაშვილი (საგარეჯო)
3 გოგა ხუჭუა (სამტრედია)
3 გიორგი მარსაგიშვილი (სტეფანწმინდა)

96 კგ
1 გიორგი გოგშელიძე (გორი)
2 ელიზბარ ოდიკაძე (თბილისი)
3 დავით ქერაშვილი (თბილისი)
3 მამუკა კორძაია (აჭარა)
 

 

ოთარ მაღლაკელიძე

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.095372