საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები უახლოეს ერთ კვირაში ორ საერთაშორისო ტურნირზე გამოვა. 10-12 თებერვალს, ანკარაში ჩასატარებელ იაშარ დოგუს მემორიალზე, ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ხელმძღვანელობისა და ნაკრების მწვრთნელების გადაწყვეტილებით, ქართული გუნდი გადახალისებული შემადგენლობით იჭიდავებს. წონითი კატეგორიების ლიდერები კი, რამდენიმე დღეში უკრაინაში გაემგზავრებიან და 15-16 თებერვალს კიევურ ტურნირში ჩაერთვებიან.
ანკარაში ქართული დელეგაცია ხუთშაბათს დილით შემდეგი შემადგენლობით გაემგზავრება: ტრისტან ჩირგაძე (55 კგ), გიორგი ბალიაშვილი, ბექა ლომთაძე, მურთაზ კვესაძე (სამივე - 60 კგ), გიორგი ცუცქირიძე (66 კგ), გიორგი მარსაგიშვილი (74 კგ), მარადი ზოიძე (84 კგ), დავით ქერაშვილი, მამუკა კორძაია (96 კგ), ლევან სეთურიძე (120 კგ), დავით ოთიაშვილი (მწვრთნელი), გელა ჯანელიძე (მსაჯი).
აქვე მეორე განაცხადიც: ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, ბესარიონ გუჩაშვილი (55 კგ), მიხეილ ზარქუა (60 კგ), ზურაბ იაკობაშვილი (66 კგ), დავით ხუციშვილი (74 კგ), დავით მარსაგიშვილი (84 კგ), ელიზბარ ოდიკაძე (96 კგ), დავით მოძმანაშვილი (120 კგ). კიევში ნაკრებს ზაზა თურმანიძე, დავით ხურცია და ალექსანდრე კახნიაშვილი ჩაიყვანენ. ედიშერ მაჩაიძე კი ტურნირზე მსაჯადაა მიწვეული.
უკრაინულ შემადგენლობას ორი წონის ლიდერი აკლია. ოთარ თუშიშვილმა (66 კგ) საქართველოს ჩემპიონატზე მიღებული ტრავმა კი მოიშუშა, მაგრამ სათანადო ფორმაში ჯერ ვერაა, გიორგი გოგშელიძის (96 კგ) ამ ეტაპზე დატვირთვისგან კი მწვრთნელებმა თავად სპორტსმენთან კონსულტაციის შემდეგ შეიკავეს თავი.
ოთარ მაღლაკელიძე







