ჭიდაობა

20:37 | 7.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

თავისუფლებმა ნაკრების ნახევარი შემადგენლობა გამოავლინეს

 

გლდანში მდებარე ჯემალ ცერცვაძის სახელობის ხელბურთის სკოლის დარბაზში საჭიდაო ხალიჩებია გაშლილი და ოთხი დღის განმავლობაში თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში “საქართველოს ჩემპიონთა თასი” უნდა გათამაშდეს. ოთხდღიანი შიდა ტურნირის მთავარი დატვირთვა შემოდგომაზე ტაშკენტში გასამართ მსოფლიოს ჩემპიონატზე წამსვლელი ქართული შემადგენლობის დაკომპლექტებაა. რევაზ მინდორაშვილის მსოფლიოს განაცხადში ამ შეჯიბრების ჩემპიონები მოხვდებიან. პირველები საქმეში თავისუფალი სტილით მოჭიდავეები ჩაერთნენ და საქმე სანახევროდაც მოილიეს – რვა წონითი კატეგორიიდან ოთხში ჩემპიონ-პრიზიორები გამოავლინეს.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელთა საბჭოს და ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, “ჩემპიონთა თასზე” გამოსვლა ნაკრების ყველა წევრისა და კანდიდატისთვის სავალდებულოა. გამონაკლისი მხოლოდ ვლადიმერ ხინჩეგაშვილისთვის (57 კგ) დაუშვეს, რომელიც თავის წონაში უპირობო ლიდერია და ამ ეტაპზე ზედმეტი წონის კლებას აარიდეს.

უმსუბუქესი წონის სატურნირო ბადეში სულ 16 მოჭიდავე ჩაეწერა. ხინჩეგაშვილის არყოფნაში, ყველას ხონელმა ოთარ გოგავამ აჯობა. ოქროს გზაზე მან ტაიფუნ აბდულაევი (მარნეული), ლევან ცალქალამანიძე (თბილისი) და თეიმურაზ ქასოშვილი (რუსთავი) ჩამოიშორა. ბრინჯაოს მედლებს გორელი ბექა ბუჯიაშვილი და რუსთაველი თეიმურაზ ქასოშვილი დაეუფლნენ.

65 კილოგრამში შიდა კონკურენციაში 20 სპორტსმენი ჩაერთო და მათგან ფინალამდე საქართველოს მოქმედი ჩემპიონი და ევროპის პრიზიორი კონსტანტინე ხაბალაშვილი (გორი) და მალხაზ ზარქუა (აჭარა) მივიდნენ. შედარებით მძიმე წილისყრა ხაბალაშვილს ერგო – სატურნირო ბადეში მის მხარეს რამდენიმე ძლიერი მოჭიდავე მოხვდა. მათ შორის საქართველოს ნაკრების ყოფილი წევრები: ლევან ქელეხსაშვილი (ხაშური), მალხაზ ქურდიანი (ბოლნისი) და რამაზ ზოიძე (აჭარა), რომელიც ჯერ კიდევ შარშან ჭაბუკებში გამოდიოდა და ევროპის ბრინჯაოსა და მსოფლიოს ვერცხლის პრიზიორი გახდა.

ქურდიანი და ქელეხსაშვილი საწყის ეტაპზევე დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და მათი შეხვედრა ერთ-ერთი გამორჩეული გამოდგა მთელი დღის განმავლობაში. საბოლოოდ ქურდიანმა მოიგო (2:0 4:5) და მეოთხედფინალში გავიდა, მაგრამ ამ ბრძოლას იმხელა ენერგია შეალია, ზურაბ იაკობაშვილს (ყვარელი) ღირსეული წინააღმდეგობაც კი ვეღარ გაუწია (0:10). საბოლოოდ, ქურდიანიც, ქელეხსაშვილიც და იაკობაშვილიც პოდიუმს მიღმა დარჩნენ, ისევე, როგორც მშვენივრად მოჭიდავე დავით ბერძნიშვილი (გორი) და დავით ბუზიაშვილი (ხაშური), ზარქუას ბადიდან.

რაც შეეხება ფინალს, ბოლო წამებამდე უმძიმეს ბრძოლაში ჩაჭიდავდა და გადამწყვეტი მომენტი ხაბალაშვილის ტაქტიკური შეცდომა აღმოჩნდა – საფინალო სირენამდე 8 წამით ადრე, მაშინ, როდესაც საქართველოს მოქმედი ჩემპიონი 3:2-ს იგებდა, ზარქუამ იგი ხალიჩის მიღმა გაიყვანა და ანგარიში გაათანაბრა. ხაბალაშვილმა იფიქრა, რომ ბოლო ქულის წესის გამო მარცხდებოდა, უკანმოუხედავად შეუტია და რისკი კიდევ 2 ქულის დაკარგვად დაუჯდა. სინამდვილეში ფრე ხელს კონსტანტინე ხაბალაშვილს აძლევდა, რადგან ერთი ქულა მეტოქის გაფრთხილების ხარჯზე ჰქონდა აღებული.

მესამე ადგილები რამაზ ზოიძემ (აჭარა) და კახა ელბაქიძემ (გორი) დაიკავეს.

74 კილოგრამ წონითი კატეგორიის 17 მონაწილეს შორის “ჩემპიონთა თასი” წაუგებლად გორელმა ჯუმბერ ყველაშვილმა ჩაამთავრა. საჩემპიონო გზას იგი სტეფანწმინდელი მინდია გუჯარაიძის ძლევით შეუყვა. ფინალამდე ირაკლი გოგობერიშვილი (ოლიმპიური რეზერვების ცენტრი) და გიორგი სანოძე (ხონი) ჩამოიშორა. გადამწყვეტ ბრძოლაში კი საგარეჯოელ ზურაბ ერბოწონაშვილს აჯობა. პოდიუმის მესამე საფეხურზე მარად ზოიძე (აჭარა) და ირაკლი გოგობერიშვილი (ოლიმპიური რეზერვების ცენტრი) ავიდნენ.

97 კილოგრამის შიდა კონკურენციაში 15 მოჭიდავე ჩაერთო და ელიზბარ ოდიკაძესა (თბილისი) და თედორე ებანოიძეს (ხარაგაული) ფინალში გასასვლელად სამ-სამი მოგება ეყოთ. გადამწყვეტ ბრძოლაში კი ოდიკაძემ პირველ პერიოდში აღებული 5 ქულით იმარჯვა.

ოდიკაძისა და ებანოიძის გარდა, საპრიზო სამეულში თორნიკე ხიდეშელი (გამარჯვება) და ზვიად მეტრეველი (ონი) შევიდნენ. პოდიუმს მიღმა დარჩენილთაგან კი ბექა ჭელიძის ლამაზი ჭიდაობა უნდა გამოვარჩიოთ, მაგრამ იქვე საქართველოს ნაკრების ყოფილი წევრის არასაკმარისი ფიზიკური მომზადებაც უნდა ვახსენოთ - ნახევარფინალში (ებანოიძესთან) და რეპეშაჟის ფინალში (მეტრეველთან) ანგარიში მიჰყავდა, მაგრამ მეორე პერიოდში ისე დაიღალა, ქულები ლამის უბრძოლველად დათმო.

8 ივნისს “საქართველოს ჩემპიონთა თასის” ჩემპიონ პრიზიორები თავისუფალი სტილის დარჩენილ ოთხ წონით კატეგორიაში: 61, 70, 86 და 125 კილოგრამებში გამოვლინდებიან. 9-10 ივნისს კი საქმეში ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები ჩაერთვებიან. ხვალინდელი შეხვედრებიდან ყველაზე დიდ ინტერესს მძიმე წონის შეხვედრები იქცევს, სადაც პირველობისთვის და მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურის მოსაპოვებლად ეროვნული გუნდის სამი გამოცდილი წევრი იბრძოლებს: დავით მოძმანაშვილი, გენო პეტრიაშვილი და გიორგი საკანდელიძე.

 

თავისუფალი ჭიდაობა

“საქართველოს ჩემპიონთა თასი”

თბილისი

7 ივნისი

 

57 კგ

1 ოთარ გოგავა (ხონი)

2 გიორგი ლეჟავა (სამტრედია)

3 თეიმურაზ ქასოშვილი (რუსთავი)

3 ბექა ბუჯიაშვილი (გორი)

 

65 კგ

1 მალხაზ ზარქუა (აჭარა)

2 კონსტანტინე ხაბალაშვილი (გორი)

3 კახა ელბაქიძე (გორი)

3 რამაზ ზოიძე (აჭარა)

 

74 კგ

1 ჯუმბერ ყველაშვილი (გორი)

2 ზურაბ ერბოწონაშვილი (საგარეჯო)

3 ირაკლი გოგობერიშვილი (ოლიმპიური რეზერვების ცენტრი)

3 მარად ზოიძე (აჭარა)

 

97 კგ

1 ელიზბარ ოდიკაძე (თბილისი)

2 თედორე ებანოიძე (ხარაგაული)

3 თორნიკე ხიდაშელი (გამარჯვება)

3 ზვიად მეტრეველი (ონი)

0.316992