ჭიდაობა

18:15 | 5.03.2012 | ნანახია [] - ჯერ

თავისუფლების დღეებს თუშიშვილი და გოგშელიძე გახსნიან

სამშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, სერბეთის დედაქალაქი ბელგრადი თავისუფალი სტილით და ქალთა ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. კონტინენტის პირველობაში საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები თითქმის უძლიერესი შემადგენლობით ჩაერთვება. მთავარი მწვრთნელის, ზაზა თურმანიძის გადაწყვეტილებით, ოპტიმალურ შვიდეულს მხოლოდ ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (55 კგ) დააკლდება. შარშანდელი ევროპირველობის ფინალისტ მსუბუქწონოსანს ლონდონის ოლიმპიური თამაშების ლიცენზია ჯერ მოსაპოვებელი აქვს, სალიცენზიო ტურნირები თვენახევარში ელის და მწვრთნელმა ამ ეტაპზე ზედმეტი წონის კლებას შეგნებულად აარიდა. ამ წონაში საქართველოს დროშის ქვეშ ბესიკ გუჩაშვილი იჭიდავებს.
55 კილოგრამი წონითი კატეგორიის მსგავსად, ქართულ გუნდს ლიცენზიები 66 და 96 კილოგრამებშიც მოსაპოვებელი აქვს, მაგრამ ამ წონების შიდა კონკურენციის ლიდერები – ოთარ თუშიშვილი და გიორგი გოგშელიძე ბელგრადულ ხალიჩაზე მაინც გავლენ.
60 კილოგრამში მალხაზ ზარქუა იჭიდავებს, 74-ში – დავით ხუციშვილი, 84-ში – დავით მარსაგიშვილი, ხოლო 120-ში – დავით მოძმანაშვილი. ოლიმპიადაზე ჭიდაობა ამ ოთხეულმა შარშან, მსოფლიოს ჩემპიონატზე გაინაღდა: ხუციშვილმა, მარსაგიშვილმა და მოძმანაშვილმა ბრინჯაოს მედლებით, ზარქუამ კი მე-5 ადგილით.
ქართული შვიდეულიდან საქმეში პირველები თუშიშვილი და გოგშელიძე ჩაერთვებიან. მათ წონებში ჩემპიონ-პრიზიორები ხვალ გამოვლინდებიან. 7 მარტს მედლები 55 და 60 კილოგრამებში გათამაშდება, 8 მარტს – 74 და 120 კილოგრამებში, ხოლო 9 მარტს – 84 კილოგრამში.
საბელგრადე ქართული განაცხადიდან ევროპირველობებზე ყველაზე შთამბეჭდავი მაჩვენებელი გიორგი გოგშელიძეს აქვს. 2006-2007 წლებში მან კონტინენტის პირველობა ბრინჯაოს მედლით ჩაამთავრა, 2008-ში ჩემპიონი გახდა, შარშანწინ კი, ფინალში იჭიდავა და ტიტულის მეორედ მოგებაში ხელი აზერბაიჯანის სახელით მოჭიდავე ხეთაგ გაზიუმოვმა და არაობიექტურმა მსაჯობამ შეუშალა. ოთარ თუშიშვილის ანგარიშზე 3 ბრინჯაოა – 1999, 2001 და 2010 წლებში. მალხაზ ზარქუა ევროპის 2010 წლის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორია, დავით მარსაგიშვილმა შარშან მოიპოვა ვერცხლი (უფრო ზუსტად კი, უკვე გაჩემპიონებულს, გამარჯვება არნახული უსამართლობით, ფინალის დასრულების შემდეგ გაუუქმეს), დავით ხუციშვილმა კი შარშან მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა.
დასასრულ, უფრო ადრინდელი სტატისტიკაც გავიხსენოთ. საქართველოს დამოუკიდებლობის წლებში ევროპირველობის კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე თავისუფალი სტილით 7 მოჭიდავე ავიდა. სულ კი, საქართველოს ნაკრების ანგარიშზე 12 ოქროს მედალია. აქედან 5 ლუკა კურტანიძის სახელზეა, რომელიც აქტიური სპორტსმენობის წლებში ელდარის სახელით გაჩემპიონდა. დავით პოღოსიანი 2-ჯერ გახდა ევროპის ჩემპიონი, ხოლო ლერი ხაბელოვი, ზაზა ზოზიროვი, ემზარ ბედინეიშვილი რევაზ მინდორაშვილი და გიორგი გოგშელიძე - თითოჯერ. ამ უკანასკნელმა ტიტული 4 წლის წინ მოიპოვა და მას შემდეგ ეს მწვერვალი ქართული გუნდის არცერთ წევრს აღარ დაუპყრია. 12 ოქროს გარდა, საქართველოს ნაკრებმა ბოლო 20 წელიწადში 14 ვერცხლისა და 16 ბრინჯაოს მედალიც მიითვალა.
აქვე საბჭოთა კავშირის დროინდელი ქართული ევროსტატისტიკაც: 16 ოქრო, 3 ვერცხლი, 6 ბრინჯაო. ლერი ხაბელოვმა, რომელიც ამ სახეობაში დამოუკიდებელი საქართველოს პირველი ევროპის ჩემპიონია, კონტინენტის პირველობის მოგება საბჭოთა წლებში 3-ჯერ შეძლო. ცნობისთვის, ევროპული ოქრო საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელ ზაზა თურმანიძესაც აქვს მოგებული – 1987 წელს.

დამოუკიდებელი საქართველოს ყველა ევროპის ჩემპიონი
ლერი ხაბელოვი (1992)
ზაზა ზოზიროვი (1993)
ელდარ-ლუკა კურტანიძე (1996, 1997, 1998, 2001, 2005)
დავით პოღოსიანი (1997, 1998)
ემზარ ბედინეიშვილი (2000)
რევაზ მინდორაშვილი (2003)
გიორგი გოგშელიძე (2008)
 

 

ოთარ მაღლაკელიძე

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.159159