ჭიდაობა

0:26 | 28.01.2010 | ნანახია [] - ჯერ

თავისუფალთა ნახევარი თავისუფალია

ბათუმში თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შორის საქართველოს ჩემპიონატი სანახევროდ ჩაჭიდავდა. ორდღიანი შეჯიბრის პირველ დღეს ჩემპიონ-პრიზიორები საწყის ოთხ წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ. ტიტულოვან მოჭიდავეთაგან ხალიჩაზე ყველა გავიდა, ნაკრების ტრავმირებული წევრის, ბესიკ გუჩაშვილისა (55 კგ) და ახალგაზრდებს შორის ევროპის ჩემპიონ გიორგი მაყიშვილის (60 კგ) გარდა.
უმსუბუქეს წონაში ზედიზედ მეორედ, ყველას გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა აჯობა. გადამწყვეტ შეხვედრაში მან საჩხერელი გივი დავიდოვი დაამარცხა. ბრინჯაოს მედლებს კი, თბილისელი გიორგი ედიშერაშვილი და ახალგაზრდებს შორის ევროპის ბრინჯაოს პრიზიორი, ქუთაისელი ლაშა ლომთაძე დაეუფლნენ.
60 კილოგრამში შარშანდელი საქართველოს პირველობის ფინალი განმეორდა, ოღონდ ამჯერად, საპირისპირო შედეგი დაფიქსირდა – აჭარის გუნდის სახელით მოჭიდავე მალხაზ ზარქუამ ბოლნისელ მალხაზ ქურდიანს სძლია. კვარცხლბეკის მე-3 საფეხურზე გორელები - გიორგი ბალიაშვილი და თენგიზ ჩოჩიშვილი ავიდნენ.
ხანგრძლივი ტრავმიანობის შემდეგ, ხალიჩას დაუბრუნდა ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი, გორელი ოთარ თუშიშვილი (66 კგ) და ჩემპიონატი წაუგებლადაც ჩაამთავრა. ფინალში მან შარშანდელი მესამეადგილოსანი, აჭარელი კობა კაკალაძე ჩამოიცილა. 66 კილოგრამის სამეულში გორელი შალვა მუზიაშვილი და ქუთაისელი გიორგი ცუცქირიძეც შევიდნენ.
74 კილოგრამში გორელმა გელა საღირაშვილმა ერთხელაც დაამტკიცა შიდა კონკურენციაში თავისი უპირატესობა. ოქროს მედალი მან თბილისელი იაკობ მაქარაშვილის ძლევით მოიპოვა. მე-3 ადგილზე კი, ახალგაზრდებში ევროპის ბრინჯაოს პრიზიორი, საგარეჯოელი დავით ხუციშვილი და ქუთაისელი პაატა ნოზაძე გავიდნენ.
დღეს მედლები, დარჩენილ სამ წონაში – 84, 96 და 120 კილოგრამებში გათამაშდება. წინასწარი ინფორმაციით, ჩემპიონატში მონაწილეობას ნაკრების წევრობის ყველა მთავარი კანდიდატი მიიღებს, ოლიმპიური ჩემპიონის, რევაზ მინდორაშვილისა (84 კგ), საქართველოს მოქმედი ჩემპიონის, დავით ოთიაშვილის (120 კგ) გარდა. წინასწარი შეხვედრები დილის 10 საათიდან დაიწყება, ფინალები – სავარაუდოდ, 18 საათიდან.
 

თავისუფალი ჭიდაობა
ბათუმი
27 იანვარი

55 კგ
1 ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (გორი)
2 გივი დავიდოვი (საჩხერე)
3 გიორგი ედიშერაშვილი (თბილისი)
3 ლაშა ლომთაძე (ქუთაისი)
60 კგ
1 მალხაზ ზარქუა (აჭარა)
2 მალხაზ ქურდიანი (ბოლნისი)
3 გიორგი ბალიაშვილი (გორი)
3 თენგიზ ჩოჩიშვილი (გორი)
66 კგ
1 ოთარ თუშიშვილი (გორი)
2 კობა კაკალაძე (აჭარა)
3 შალვა მუზიაშვილი (გორი)
3 გიორგი ცუცქირიძე (ქუთაისი)
74 კგ
1 გელა საღირაშვილი (თბილისი)
2 იაკობ მაქარაშვილი (თბილისი)
3 პაატა ნოზაძე (ქუთაისი)
3 დავით ხუციშვილი (საგარეჯო)
ოთარ მაღლაკელიძე
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.199842