ფეხბურთი

22:34 | 2.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

თავდადებაც და ქარიც “ზუგდიდის” სასარგებლოდ

 

სატურნირო მდგომარეობა სტუმარ-მასპინძელს შესაძლებლობათა მაქსიმუმის გაღებისაკენ უბიძგებდა. დასაკარგი ქულები არც ზუგდიდელებს ჰქონდათ და არც გორელებს. მოკლედ, ინტრიგა იყო, ესაა რომ ბუნებრივმა პირობებმა ორთავე გუნდის სათამაშო გეგმებში შეიტანა კორექტივები. ძლიერი ქარი ოპონენტებს იმ უნარ-ჩვევების გამოვლენაში უშლიდა ხელს, რასაც მწვრთნელები დღედაღამ უჩიჩინებენ ხოლმე თავიანთ შეგირდებს.

სწორედ აღნიშნული ფაქტორი იყო დამნაშავე იმაში, რომ ხეირიანი მომენტის შექმნა ვერცერთმა მხარემ კარგა ხანს ვერ შეძლო. მატჩის დასაწყისი ერთობ უღიმღამო იყო, თუმცა, როცა დამხვდურ-ჩამოსულმა ქარის მიმართულებას ალღო აუღო, თამაშში ფეხბურთის ელემენტებიც გამოჩნდა. კარისკენ პირველი გამიზნული დარტყმა მე-12 წუთზე დაფიქსირდა. სტუმრებმა საჯარიმო დარტყმის უფლება მიიღეს, ბურთთან გამოცდილი დავით ბოლქვაძე დარჩა, რომლის საკმაოდ ზუსტად და ძლიერად დარტყმული ბურთი ზუგდიდელთა კიპერის ნადავლი გახდა.

იმის გამო, რომ ქარი ნორმალური შეტევის განხორციელებაში საკმაოდ უშლიდათ ხელს, გიორგი დარასელიას გაწვრთნილებმა პირველ 45-წუთეულში ერთადერთი მომენტს მიმგვანებული შეტევა განახორციელეს. მე-17 წუთზე, “მშობლიურ” მარცხენა ფლანგზე დაბრუნებულმა შოთა ლომიამ, ბურთზე ძირსდაუშვებლად დარტყმას მისი ლუკა გუგუჩიასთან გადამისამართება ამჯობინა, მაგრამ ამ უკანასკნელის მძლავრად დარტყმული საკმაო მანძილით გადაცილდა სტუმართა კარს.

რეალური საგოლე შანსი ისევ გორელთა ფლეიმეიქერ ბოლქვაძეს მიეცა, რომლის მორიგი სტანდარტიდან კარში დარტყმული ბურთი ზარქუასაგან მარჯვენა დაბალ კუთხეში მიდიოდა და კიპერს რომ სათანადო რეაქცია არ გამოემჟღავნებინა, “დილა” უკვე 37-ე წუთზე დაწინაურდებოდა. თუმცა, ამ მომენტიდან ორიოდე წუთში თბილისის “დინამოდან” იჯარით აყვანილმა მეკარემ ძველებურად ვეღარ იყოჩაღა. ოფსაიდის ზღვარზე დარჩენილმა ვახტანგ კვარაცხელიამ ზუგდიდელთა დაცვისა და ზარქუას შეუთანხმებელ ქმედებასთან ერთად, ზურგის ქარითაც ისარგებლა და გორელები დააწინაურა – 0:1.

საერთოდ მთელ მატჩს წითელ ზოლად გასდევდა ძალისმიერი, უხეშობის ზღვართან მიახლოებული თამაში. არბიტრი ფეხბურთელთა აზარტულობას კი აკონტროლებდა, მაგრამ მეტი პრინციპულობა რომ გამოეჩინა, შესაძლოა მასპინძლებს იმაზე მეტი ყვითელი ბარათი მიეღოთ, ვიდრე მატჩის ოქმშია დაფიქსირებული. სხვათა შორის, სწორედ ამ სათამაშო სურათის გამო იყო, რომ ჯერ სტუმართა ნახევარმცველი კობა შალამბერიძეს მოუწია მინდვრის ვადაზე ადრე დატოვება, მერე კი ენგურისპირელთა შუახაზელ ლაშა ქებაძეს. რაც შეეხება ხარიტონაშვილისგან კვარაცხელიას მატჩის მიწურულს “გაწითლებას”, გორელისთვის ეს სასჯელი ალალი იყო. მან მეტოქეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რაც გვერდით ვარამიშვილს არ გამოეპარა და არბიტრმაც დაუყოვნებლივ გასახდელისაკენ მიუთითა.

ეს ზოგადად თამაშის ხასიათს რაც შეეხება. როგორც კი მატჩი შესვენების შემდეგ განახლდა, აშკარა იყო, მასპინძლები სრულიად სხვა განწყობით გამოვიდნენ განმუხურის სტადიონზე. “ზუგდიდს” დასაკარგავი აღარაფერი ჰქონდა, მისთვის მხოლოდ მეტოქის საჯარიმოში იყო თამაშის ხსნის გასაღები. 54-ე წუთზე გორელთა კარის მიმართულებით მარცხენა ფლანგიდან კუთხური დაინიშნა. გუგუჩიამ ბურთი მაღალი ტრაექტორიით გაგზავნა, ცოტათი ქარმაც შეიტანა ბურთის მიმართულებაში კორექტივები და გამოცდილმა გვერდითმა არბიტრმა გურამ ჩიგოგიძემ უმალ ცენტრალური ალმისაკენ აიღო გეზი – ბურთმა წარმოსახვითი ხაზი გადაკვეთა, რაც გორელთა კარის აღების ნიშანი იყო – 1:1.

ამ მომენტიდან 2 წუთიც არ იყო გასული, როცა მასპინძლები უკვე ანგარიშში დაწინაურდნენ. “ზუგდიდის” კაპიტანმა ზვიად სიხარულიამ ბურთი კარისაკენ “გასასროლად” მოირგო და მისგან დაახლოებით 27-28 მეტრიდან დარტყმული ბურთი ლეგაშვილისაგან მარჯვენა “ცხრიანში” შევარდა – 2:1.

დაწინაურებულ მასპინძლებს, რომ იტყვიან, “მეორე სუნთქვა გაეხსნათ”. აშკარა იყო, რომ დარასელიას გაწვრთნილები ფიზიკურად სტუმრებზე უკეთ გამოიყურებოდნენ. ესაა რომ, მათ ამ უპირატესობის გატანილ გოლებში გარდასახვა ვეღარ მოახერხეს. არადა, სწრაფი ჩერნოგორიელი ფორვარდის ჯორჯე კრკელიჩის, მარჯვენა ფლანგელიდან ფლეიმეიქერად გადაკვალიფიცირებული კირკიტაძისა და მარცხენა ფლანგელი შოთა ლომიას არაერთ სწრაფ შეტევას ლოგიკური დასასრული რომ ჰქონოდა, “ზუგდიდს” ბოლო წუთებში სანერვიულო არ ექნებოდა. შეცვლაზე შესულ გიორგი ბერიაშვილს ორჯერ შეეძლო გოლის გატანა, მაგრამ ხელი ორივეჯერ თორნიკე ზარქუამ სეუშალა.

ასე მოიპოვა “ზუგდიდმა” მეტად საჭირო ქულები, ხოლო “დილამ”, მისგან სეზონის ომახიანი დაწყების შემდეგ რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, ქვედა ექვსეულში ჩასარჩენად კიდევ ერთი ნაბიჯი ჩამოდგა.

 

ზუგდიდი – დილა 2:1 (0:1)

2 მარტი. 15:00. განმუხური, ცენტრალური, 1200 მაყურებელი.

“ზუგდიდი”: ზარქუა, ჯავაშვილი, მირცხულავა, აფაქიძე, ქათამაძე, ქებაძე (დ. ქირია, 69), სიხარულია (კაპ.), შ. ლომია (ბულია, 84), კირკიტაძე, გუგუჩია (ფარჯიკია, 76), კრკელიჩი.

მთავარი მწვრთნელი: გიორგი დარასელია.

“დილა”: ლეგაშვილი, ჯიშკარიანი (კაპ.), ქარქუზაშვილი, კობახიძე, ორბელაძე, გურ. გურეშიძე, დ. ბოლქვაძე, შალამბერიძე (ლ. შენგელია, 31), კოშკაძე (ბერიაშვილი, 75), რაჟამაშვილი, ვ. კვარაცხელია.

მთავარი მწვრთნელი: რამაზ სოღოლაშვილი.

გოლები: 0:1 კვარაცხელია (39), 1:1 გუგუჩია (54), 2:1 სიხარულია (56).

გაფრთხილებები: აფაქიძე (14), ქარქუზაშვილი (22), ბოლქვაძე (32), ჯიშკარიანი (33), კვარაცხელია (55), სიხარულია (59), ბულია (90+3).

გაძევება: კვარაცხელია (90+2).

მსაჯი: დავიტ ხარიტონაშვილი (თბილისი).

 

1      დინამო (თბ)                                                       20           14           3           3           48:16           45         
2 ჩიხურა 20 11 5 4 39:29 38
3 ზესტაფონი 20 10 4 6 27:15 34
4 გურია 20 10 0 10 23:27 30
5 სიონი  20 8 6 5 25:22 30
6 მეტალურგი 20 8 6 6 25:23 30
7 დილა 20 7 7 6 25:20 28
8 ტორპედო 20 7 5 8 22:26 26
9 ვიტ ჯორჯია 20 7 4 9 25:27 25
10 სპარტაკი 20 5 2 13 16:30 17
11 ზუგდიდი 20 4 5 11 10:28 17
12 მერანი 20 4 3 13 15:37 15

 

მეგოლეები:

13 – დიმიტრი ტატანაშვილი (“ზესტაფონი”)

12 - ჩისკო მუნიოსი (“დინამო”)

9 – დორინ გოგა, ირაკლი მოდებაძე (2, “დინამო”)

6 – ვილი ისიანი (“გურია”), თორნიკე კაპანაძე (“ზესტაფონი”), ნიკა საბანაძე (“ზესტაფონი”), გიორგი მერებაშვილი (“დინამო”)

5 – ჯაბა ჯიღაური (“ჩიხურა”), ელგუჯა ლობჯანიძე (“ვიტ ჯორჯია”), ბესიკ დეკანოიძე (“ჩიხურა”), ჯაბა დვალი (“დინამო” / “ყარაბახი” აზერბაიჯანი)

 

შენიშვნა: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დებულების თანახმად, უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატებში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით გაირკვევა:

-ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);

-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;

-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატის განმავლობაში, გუნდის მიერ მიღებული წითელ-ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);

-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა;

 

ბახვა ლომჯარია

0.184574