მიმდინარე კვირაში ფლორიდულ კლერვოტერში იასპარეზებს ანა ტატიშვილი, რომელსაც მსოფლიოს რეიტინგში საქართველოს პირველი ჩოგნის წოდების მოსაპოვებლად, ოქსანა კალაშნიკოვასთან დიდი ბრძოლა აქვს გაჩაღებული.
25-ათასიანი ტურნირის პირველ რაუნდში ტატიშვილს რთული გამოცდა ნამდვილად არ ელის, რადგანაც ძირითად ბადეში “იღბლიანი წაგებულის” სტატუსით მოხვედრილ ბრიტანელ ჰისერ უოტსონს ეთამაშება.
გამარჯვების შემთხვევაში, ანა მერვედფინალში მე-6 ნომრად განთესილ იაპონელ კურუმი ნარასა და ჩინელ იი-მიაო ჟუს შორის უმჯობესს შეერკინება.
წყვილთა გათამაშებაში ტატიშვილი და იტალიელი დენტონი ამერიკელებს – ჰეინსსა და როლეს გაეჯიბრებიან.
საფრანგეთის ქალაქ დიჟონში მიმდინარე 10-ათასიან ტურნირის პირველივე წრეში წააგო ეკატერინე გორგოძემ. მე-8 რეიტინგის მქონე ბრიტანელმა ანა სმიტმა ქართველ ჩოგბურთელს 7:6 (8:6), 6:2 სძლია.
სოფო ქვაცაბაია საწყის მატჩში რუმინელ ლაურა-იოანა ანდრეის დაუპირისპირდება.
წყვილთა გათამაშების მერვედფინალში გორგოძე და ქვაცაბაია ფრანგულ დუეტს (გუისარი-ლორენდონი) ეთამაშებიან.







