ჩოგბურთი

16:25 | 27.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

ტატიშვილს ელი ელის

ლას ვეგასში გრძელდება 50-ათასიანი ტურნირი, რომელშიც ძალებს ქართველი ჩოგბურთელი ანა ტატიშვილიც სცდის. ერთეულთა პირველობის მე-2 რაუნდში ანამ მე-4 ნომრად განთესილი მარია სანჩესი 7:6 (7:1), 2:6, 6:3 დაამარცხა და მეოთხედფინალში გააღწია, სადაც კიდევ ერთ მასპინძელ ელი კიკს გაეჯიბრება.

აღსანიშნავია, რომ ამ უკანასკნელმა ასპარეზობა ჯერ კიდევ საკვალიფიკაციო ბადიდან დაიწყო და მას შემდეგ გზიდან 5 მეტოქე ისე ჩამოიცილა, სეტიც არ დაუთმია. მერვედფინალში კიკი თანამემამულე ალექსანდრა სტივენსონს 6:1, 1:0-ს უგებდა, როდესაც მეტოქემ თამაშის გაგრძელება ვეღარ მოახერხა.

ტატიშვილი უკვე გამოეთიშა წყვილთა ტურნირს, სადაც იგი ხორვატ აილა ტომლიანოვიჩთან ერთად თამაშობდა. ანამ და აილამ მეოთხედფინალში ამერიკულ დუეტთან (კროუფორდი-ვიკერი) 4:6, 6:4, 5:10 წააგეს.

ქართველთა გარეშე გაგრძელდება თელავში მიმდინარე 50-ათასიანი ტურნირი. შეგახსენებთ, რომ ერთეულებში მასპინძლებმა ადრევე წაიფორხილეს, წყვილებში კი ბრძოლას ეკატერინე გორგოძის და სოფო შაფათავას ტანდემი იყო შემორჩენილი.

ხსენებულმა წყვილმა მეოთხედფინალში თანამემამულეებს მაკა ჩახნაშვილს და სოფო ქვაცაბაიას 6:4, 6:2 სძლიეს, ნახევარფინალში კი იტალიურ-სლოვენიურ დუეტთან (კამერინი-პრისლანი) 4:6, 4:6 დამარცხდა.

0.114305