ჩოგბურთი

14:34 | 10.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

ტატიშვილს ძირითად ბადეს 1 გამარჯვება აშორებს

ქართველი ჩოგბურთელი ანა ტატიშვილი ავსტრალიის ღია პირველობის ძირითადი ბადისკენ მიიწევს. საქართველოს პირველმა ჩოგანმა მელბურნულ კორტებზე მე-2 გამარჯვება იზეიმა და თუკი კიდევ ერთ ბარიერს დასძლევს, საწადელსაც მიაღწევს.

შეგახსენებთ, რომ მე-12 ნომრად განთესილმა ტატიშვილმა საწყის წრეში კანადელი ალეკსანდრა ვოზნიაკი 3:6, 6:2, 6:4 დაამარცხა და მეორე შეხვედრაშიც არანაკლები ბრძოლა გადახდა.

რუს ეკატერინა ბიჩკოვასთან მატჩი ორ საათსა და 50 წუთს გაგრძელდა და ის ქართველმა 6:4, 6:7 (5:7), 6:4 მოიგო. გასულ მატჩში ანას პირველ მოწოდებაზე 67%-იანი მაჩვენებელი (73 109-დან) ჰქონდა, სათავისოდ 63% (46 73-დან) დაასრულა, ხოლო მეორე მოწოდებაზე გათამაშებების 44% (16 36-დან) მოიგო.

ქართველმა ჩოგბურთელმა 2 ეისი მოაწოდა და ერთბაშად 12 ორმაგი შეცდომა დაუშვა, რამაც საქმე ძალიან გაურთულა. ტატიშვილმა 9-დან 6 ბრეიკ-პოინტი გამოიყენა (მეტოქემ 10-დან 4 ბრეიკი მიითვალა), 2 “ვინერი” და 12 უნებლიე შეცდომა მოუგროვდა და ჯამში ბიჩკოვაზე 7 ბურთით მეტი (111:104) მოიგო.

როგორც აღვნიშნეთ, ანას ძირითად ბადემდე მხოლოდ ერთი გამარჯვება უკლია და მისი უკანასკნელი მეტოქის გათვალისწინებით, ეს შეუძლებელი სულაც არ უნდა იყოს. იაპონელი რისა ოზაკი ქალთა საჩოგბურთო ასოციაციის (WTA) რეიტინგში 184-ე ადგილზეა (ტატიშვილს 126-ე პოზიცია უკავია) და ხმაურიანი გამარჯვებები არასოდეს მოუპოვებია.

“აუსტრალიან ოუფენზე” ოზაკიმ ასევე 2 მატჩი ჩაატარა და ბელარუსი ალიაკსანდრა სასნოვიჩი და 24-ე განთესვის მქონე ბელგიელი ენ-სოფი მესტაჩი, შესაბამისად, 6:1, 6:4 და 6:2, 3:6, 6:4 დაამარცხა.

ტატიშვილმა 2 საკვალიფიკაციო ეტაპის დაძლევისთვის 30 სარეიტინგო ქულას მიიღო, კვალიფიკაციის მოგება 40 ქულას იძლევა, ძირითად ბადეში გასვლით კი ანა დამატებით 10 ქულასაც გამოიმუშავებს.

უკვე ცნობილია იმ 12 ჩოგბურთელის ვინაობა, რომელთაგან ერთ-ერთი ანას ძირითად ბადეში გასვლის შემთხვევაში შეხვდება.

ესენი დანიელა ჰანტუხოვა (სლოვაკეთი, 31), ნა ლი (ჩინეთი, 4), კიმიკო დატე-კრუმი (იაპონია), დონა ვეკიჩი (სერბეთი), ანაბელ მედინა გარიგესი (ესპანეთი), კაროლინ გარსია (საფრანგეთი), მონიკა პუიგი (პუერტო რიკო), ბოიანა იოვანოვსკი (სერბეთი), სიმონა ჰალეპი (რუმინეთი, 11), გალინა ვოსკობოვოევა (ყაზახეთი), ოლგა გოვორცოვა (ბელარუსი), მენდი მინელა (ლუქსემბურგი) არიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112202