საქართველოს საუკეთესო ჩოგბურთელმა ანა ტატიშვილმა პრესტიჟულ “როჯერს ქაფის” (საპრიზო ფონდი 2 168 400 დოლარი) გათამაშებაში მე-2 საკვალიფიკაციო რაუნდიც იოლად დასძლია და თუკი კიდევ ერთ შეხვედრას მოიგებს, ძირითად ბადეში თამაშის უფლებას მოიპოვებს.
შეგახსენებთ, რომ კანადის ქალაქ მონრეალში მიმდინარე ტურნირის საწყის მატჩში ტატიშვილმა კანადელ შერონ ფიჩმანს 7:5, 6:1 სძლია, ამჯერად კი, ამერიკელი ეშლი ვეინოლდი (მსოფლიოს 288-ე ჩოგანი) 6:0, 6:2 გაანადგურა. აღსანიშნავია, რომ ანამ ამ შეხვედრაში 6 ეისი მოაწოდა და 9-დან 5 ბრეიკ-პოინტი გამოიყენა, მეტოქეს კი საკუთარ მოწოდებაზე მხოლოდ 7 ქულა (!) დაუთმო.
“როჯერს ქაფზე” დასკვნით საკვალიფიკაციო რაუნდში გასვლისთვის 20 ქულა გახლდათ გათვალისწინებული, დასკვნით რაუნდში გამარჯვება კი 30 ქულას იძლევა. მომდევნო მატჩში ქალთა საჩოგბურთო ასოციაციის (WTA) რეიტინგში 84-ე ადგილზე მყოფი ტატიშვილის მეტოქე პოლონელ ურსულა რადვანსკას და ამერიკელ მელანი ოუდინს შორის უმჯობესი იქნება. ეს მატჩი წვიმის გამო მაშინ შეწყდა, როდესაც რადვანსკა 6:1, 2:6, 3:1-ს იგებდა.







