დღეს ღამით ქართველი ჩოგბურთელი ანა ტატიშვილი ერთბაშად ორ ფინალს ითამაშებს. საქართველოს პირველი ჩოგანი ნიუ ბრაუნფელსის 50-ათასიან ტურნირში, როგორც ერთეულთა, ასევე წყვილთა თანრიგში გადამწყვეტ ეტაპამდეა მისული და 2 ჯილდოს მოპოვების შანსი აქვს.
ცხადია, უფრო მნიშვნელოვანი ერთეულთა ტურნირია, სადაც ანა მე-6 ნომრად გახლავთ განთესილი. ტატიშვილმა ნახევარფინალური მატჩი კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულ დანიელე ლაოსთან (აშშ) ჩაატარა და მართალია, შეჯიბრზე პირველი სეტი წააგო, გამარჯვება მაინც არ დაუთმია – 6:3, 6:7 (2:7), 6:3.
ფინალში ქართველის პირისპირ ბულგარელი ელიცა კოსტოვა დადგება, რომელმაც გზიდან ამერიკელი ნიკოლ გიბსი ჩამოიცილა – 7:6 (7:1), 6:4. ცნობისთვის, ტატიშვილმა ნიუ ბრაუნფელსში უკვე გამოიმუშავა 50 სარეიტინგო ქულა, გამარჯვების შემთხვევაში კი 70 ქულას მიიღებს.
წყვილებში პირველ ნომრად განთესილმა ტატიშვილმა და კოკო ვანდევეიგემ (აშშ) ამერიკელებს – სანაზ მარანდს და ეშლი ვეინოლდს 6:3, 6:3 მოუგეს და ფინალში კიდევ ერთ ამერიკულ დუეტს (ეიჟა მუჰამადი-ტეილორ თაუნსენდი, მე-2 განთესვა) გაეჯიბრებიან.
ანტალიაში მიმდინარე 10-ათასიანი ტურნირის წყვილთა გათამაშების ფინალში მე-2 რეიტინგის მქონე ეკატერინე გორგოძე და ავსტრიელი პია კიონიგი პირველ ნომრად მიჩნეულ რუმინელებთან (დიანა ბუზეანი-რალუკა ელენა პლატონი) 6:3, 3:6, 5:10 დამარცხდნენ.