ჩოგბურთი

16:47 | 11.07.2013 | ნანახია 0 - ჯერ

ტატიშვილმა პეერთან მხოლოდ 2 გეიმი მოიგო

ანა ტატიშვილმა ებრაელ შაჰარ პეერთან მატჩში ძალიან სუსტად ითამაშა და შესაბამისი შედეგიც მიიღო – საათს და 7 წუთში 1:6, 1:6 განადგურდა. შეგახსენებთ, რომ ეს შეხვედრა უნგრეთის დედაქალაქში ბუდაპეშტის გრან-პრის ეგიდით გაიმართა და თამაშის წინ მეტოქეთა შანსები თანაბრად იყო შეფასებული, თუმცა...

მერვედფინალურ მატჩში ტატიშვილმა აურაცხელი შეცდომა დაუშვა და 9 ბრეიკ-პოინტიდან მხოლოდ 1 გამოიყენა, თავად კი მოწოდება 6-ჯერ წააგო. შეგახსენებთ, რომ ანა უნგრულ ტურნირზე მე-8 ნომრად გახლდათ განთესილი და პირველი წრის დაძლევისთვის 30 სარეიტინგო ქულა მიიღო.

ტატიშვილს ჯერაც წინ აქვს წყვილთა შეჯიბრის შეხვედრა. მეოთხედფინალურ მატჩში ქართველი ჩოგბურთელი და რუსი ნინა ბრატჩიკოვა უნგრელებს – აგნეშ ბუკტას და რეკა-ლუკა იანის დაუპირისპირდებიან.

გერმანიის ქალაქ აშაფენბურგში მიმდინარე 25-ათასიანი ტურნირის მეოთხედფინალში გააღწია ეკატერინე გორგოძემ, რომელმაც ასპარეზობა ჯერ კიდევ საკვალიფიკაციო ბადიდან დაიწყო. გორგოძემ ამჯერად “უაილდ ქარდის” მქონე გერმანელ კაროლინ დანიელს სძლია – 7:6 (7:5), 6:3.

მეოთხედფინალში ეკატერინე მე-2 ნომრად განთესილ ამერიკელ ჩიარა შოლს და კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულ ჰოლანდიელ ლისან ვან რიეტს შორის უმჯობესს გაეჯიბრება.

წყვილთა ტურნირის საწყის შეხვედრაში გორგოძე და უკრაინის სახელით მოთამაშე ოლეკსანდრა კორაშვილი მე-3 განთესვის მქონე რუსულ-მექსიკურ დუეტთან (კუშკოვა-ზაკარიასი) 2:6, 7:5, 8:10 დამარცხდნენ.

სტამბულის 25-ათასიანი ტურნირის მეოთხედფინალში მე-4 ნომრად მიჩნეულ უკრაინელ კატერინა კოზლოვასთან 4:6, 3:6 წააგო ოქსანა კალაშნიკოვამ.

ცნობისთვის, ქართველი გოგონა უკრაინელ ლიუდმილა კიჩენოკთან ერთად წყვილებში პირველ ნომრადაა განთესილი და ნახევარფინალში თურქ ერაიდინს და რუს კულიჩკოვას ეთამაშება.

სტამბულშივე გრძელდება ვაჟთა 10-ათასიანი ტურნირი, რომლის მერვედფინალშიც ალექსანდრე მეტრეველი ბრაზილიელ ენრიკე კუნიას ვერ გაუმკლავდა – 4:6, 6:7 (3:7).


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

22:03 | 27.12.2017
Somelio (806)

ძაან კარგი ჩემპიონატი იყო. სპორტსმენების ნაკლებობაა საქართველოში.

10:50 | 27.12.2017
ogafa (10220)

წარმატებები

0.059359