ჩოგბურთი

1:56 | 21.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

ტატიშვილმა მოწოდების წაგების გარეშე იმარჯვა

 

ქართველი ჩოგბურთელი ანა ტატიშვილი ალბუკერკში მიმდინარე 75-ათასიან ტურნირზე წარმატებულად ასპარეზობს. ანა ძალებს როგორც ერთეულთა, ასევე წყვილთა შორის სცდის და ორივე “ფრონტზე” ნახევარფინალშია გასული.

ერთეულთა ტურნირის მეოთხედფინალში ტატიშვილი გერმანელ კრისტინა ბარუას დაუპირისპირდა და მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო – 6:2, 6:2. აღსანიშნავია, რომ ანამ 8-დან 4 ბრეიკ-პოინტი გამოიყენა, თავად კი მოწოდება არცერთხელ წაუგია, რაც ნამდვილად იშვიათი მოვლენაა.

ნახევარფინალში ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე პირველ ნომრად განთესილი ამერიკელი ელისონ რისკე იქნება, რომელმაც თანამემამულე კოკო ვანდევეიგეს 4:6, 6:1, 6:3 სძლია. მე-2 ნახევარფინალში ასევე ამერიკელები ითამაშებენ – ჰსუ როჯერსის წინააღმდეგ.

წყვილთა ტურნირში ტატიშვილის და ამერიკელი ირინა ფალკონის დუეტმა ბრაზილიურ-სლოვაკურ ტანდემს (ალვეში-ვიენეროვა) 7:6 (7:3), 6:2 მოუგო და ნახევარფინალში გააღწია, სადაც ამერიკელებს – ოუდინს და თაუნსენდს გაეჯიბრება.

0.117737