ჩოგბურთი

0:07 | 7.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

ტატიშვილმა იანკოვიჩს არაფერი დაუთმო, თუმცა...

ანა ტატიშვილმა მიმდინარე სეზონში ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა და გამოცდილ ელენა იანკოვიჩს ორსაათნახევარი ებრძოლა, თუმცა, “როჯერს ქაფის” (საპრიზო ფონდი 2 369 000 დოლარი) პირველ წრეში დასანანი მარცხი განიცადა – 6:7 (6:8), 6:4, 3:6.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა ჩოგბურთელმა კანადის ქალაქ ტორონტოში მიმდინარე პრესტიჟული ტურნირის საკვალიფიკაციო ბადე ძალიან იოლად დასძლია, რაც იმის დასტური გახლდათ, რომ საკმაოდ კარგ ფორმაში გახლდათ.

აღნიშნული იანკოვიჩთან მატჩში დამტკიცდა, რომელშიც ანამ საკმაოდ აგრესიულად და შემტევ სტილში ითამაშა და მეტოქის მოწოდება ერთბაშად 8-ჯერ მოიგო, თუმცა, საკუთარი მოწოდება 9-ჯერ დათმო და მიუხედავად იმისა, რომ სერბმა 10 ორმაგი შეცდომაც დაუშვა (ტატიშვილს 6 ჰქონდა), წაგებას ვერ გადაურჩა.

იანკოვიჩთან მარცხი მართლაც დასანანი იყო, თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ თუკი ქართველმა ჩოგბურთელმა მომავალ მატჩებშიც ასეთ მაღალ დონეზე ასპარეზობა მოახერხა, რეიტინგის მოწინავე ასეულში დაბრუნება მხოლოდ დროის საქმე იქნება. ბარემ აქვე გეტყვით, რომ ამჟამად, ტატიშვილი ქალთა საჩოგბურთო ასოციაციის (WTA) კლასიფიკაციაში 624 ქულით 112-ე ადგილზეა.

“როჯერს ქაფზე” ასპარეზობას ჯერაც აგრძელებს კიდევ ერთი ქართველი გოგონა – ოქსანა კალაშნიკოვა, რომელიც კანადაში პოლონელ ალისია როსოლსკასთან გახლავთ შეამხანაგებული და წყვილთა შეჯიბრის პირველი რაუნდიც დასძლია. მერვედფინალში ოქსანა და ალისია მე-5 ნომრად განთესილ ინდოელ სანია მირზას და ჩინელ ჟი ჟენგს გაეჯიბრებიან, რომელთაც მძიმე ბრძოლაში სამხრეთაფრიკელ ნატალი გრენდინს და ხორვატ დარია იურაკს აჯობეს – 4:6, 7:6 (7:5), 10:2.

0.115948