20 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა ანა ტატიშვილმა მექსიკის ქალაქ მონტერეიში მიმდინარე 220-ათასიანი ტურნირის ძირითად ბადეში გასვლა კი მოახერხა, თუმცა, იქ მე-3 ნომრად განთესილ რუს ანასტასია პავლიუჩენკოვას სათანადო წინააღმდეგობა ვერ გაუწია და 1:6, 2:6 წააგო.
შეგახსენებთ, რომ საკვალიფიკაციო ტურნირში ტატიშვილმა მექსიკელი რუეგი, კანადელი ტეტრო და რუსი ლიკინა დაამარცხა, რისთვისაც 17 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა.
მსოფლიოს რეიტინგში 172-ე ადგილზე მყოფ ქართველ გოგონას ქალთა საჩოგბურთო ასოციაციის (WTA) 28-ე ჩოგან პავლიუჩენკოვას ძლევის შემთხვევაში 30 ქულას იღებდა, რაც მოწინავე 150-ეულთან მიახლოების საშუალებას მისცემდა, თუმცა, საქმე აქამდე არ მისულა.
ტატიშვილმა მატჩი ყოჩაღად დაიწყო და საწყის ორ გეიმში 40:15-ს იგებდა, თუმცა, ვერცერთი შანსი ვერ გამოიყენა და საქმე უკუღმა წაუვიდა. საბოლოოდ, მატჩმა მხოლოდ 57 წუთს გასტანა, პავლიუჩენკოვას უპირატესობა კი ყველა კომპონენტში აშკარა გახლდათ.
ანამ პირველ მოწოდებაზე ბურთების 52% (17 33-დან) მოიგო, მეორეზე – 35% (6 17-დან), ორი ბრეიკ-პოინტიდან ვერცერთი ვერ “აითვისა”, თავად კი მოწოდება ხუთჯერ დათმო.
ტატიშვილი მექსიკიდან აშშ-ში ფლორიდის ქალაქ კლერვოტერში გადაინაცვლებს, სადაც 25-ათასიანი ტურნირის ძირითად ბადეში ითამაშებს.







