ჩოგბურთი

16:33 | 16.11.2009 | ნანახია [] - ჯერ

ტატიშვილმა ფინალი წააგო და პირველი ჩოგნის სტატუსი დაიბრუნა

ქართველ ჩოგბურთელ ანა ტატიშვილს წყვილთა შორის ზედიზედ მეორე ტურნირის მოგებამდე ერთადერთი მატჩის მოგება დააკლდა.
აშშ-ს ქალაქ როკ ჰილის 25-ათასიან ტურნირში, კანადელ ფიჩმანთან ერთად გამარჯვების შემდეგ, ტატიშვილმა ფინიქსის 50-ათასიანი პირველობის ფინალში ასევე კანადელ პელეტიესთან შეამხანაგებულმა გააღწია, თუმცა, მთავარი პრიზისკენ გზა ყოფილმა მეწყვილემ გადაუღობა.
ფიჩმანი და ამერიკელი ვაშინგტონი ფინიქსში პირველ ნომრად იქყვნენ განთესილნი და მე-2 რეიტინგის მქონე ტატიშვილსა და პელეტიეს დაძაბულ ბრძოლაში 4:6, 6:4, 10:8 სძლიეს.
აღნიშნულ წყვილთა პაექრობა მიმდინარე კვირაში კანადის ქალაქ ტორონტოში დაწყებულ 50-ათასიან ტურნირზე გაგრძელდება, სადაც ტატიშვილი იმავე პელეტიესთან ერთად კვლავ მე-2 ნომრადაა განთესილი, პირველი რეიტინგი კი ისევ ფიჩმანსა და ვაშინგტონს გააჩნიათ.
პირველ შეხვედრაში ტატიშვილი და პელეტიე ამერიკელებს – ჰარკინსსა და ლიტვაკს გაეჯიბრებიან. ერთეულთა ბადის საწყის რაუნდში ანას მეტოქე რუსი ეკატერინა აფინოგენოვა იქნება.
შეგახსენებთ, რომ ფინიქსის ტურნირის ერთეულთა გათამაშებაში ტატიშვილმა ნახევარფილში გასვლა შეძლო, რისი წყალობითაც ქალთა საჩოგბურთო ასოციაციის (WTA) განახლებულ რეიტინგში ოქსანა კალაშნიკოვა ჩამოიტოვა და 177-ე პოზიციაზე გადასვლით, საქართველოს პირველი ჩოგნის სტატუსი დაიბრუნა.
წყვილთა კლასიფიკაციაში ანამ 129-ე ადგილზე გადაინაცვლა, რაც მისთვის კარიერის საუკეთესო მაჩვენებელია.
კალაშნიკოვა მდგომარეობის გამოსწორებას ასევე 50-ათასიან ტურნირზე, ოღონდ სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში ეცდება. ქართველი ჩოგბურთელი საწყის რაუნდში ძალებს რუს ელენა ბოვინასთან მოსინჯავს. ცნობისთვის, ეს უკანასკნელი 2005 წელს მსოფლიოს მე-14 ჩოგანიც კი გახლდათ, ახლა კი 225-ეა.
წყვილებში კალაშნიკოვა და რუსი სავინიხი ფინელი ლაინესა და ბრიტანელი სმიტის დუეტს დაუპირისპირდებიან.
პოლონეთის ქალაქ ოპოლეში დაწყებულ 25-ათასიან ტურნირზე მე-3 ნომრად გახლავთ განთესილი მაკა ჩახნაშვილი, რომლის პირველი მეტოქის ვინაობა საკვალიფიკაციო მატჩების დასრულების შემდეგ გაირკვევა.
სამი ქართველი ჩოგბურთელი გაირჯება ეგვიპტის დედაქალაქ ქაიროში დაწყებულ 25-ათასიან ტურნირზე. სოფო შაფათავა მე-4 ნომრადაა განთესილი, ასევე ძირითად ბადეში მოხვდა სოფო ქვაცაბაიაც, ეკატერინე გორგოძე კი ძალებს საკვალიფიკაციო რაუნდში მოსინჯავს.
ფრანგულ ეკუეუდრევილში 10-ათასიან ტურნირზე საკვალიფიკაციო ბადის დაძლევა მოახერხა ანა ჯიქიამ. მე-8 ნომრად განთესილმა ქართველმა გოგონამ სერბი დუნია სტამენკოვიჩი 1:6, 7:5, 6:1 დაამარცხა, შემდეგ კი მასპინძელ ჯეიდ სუვრინს 6:4, 7:6 (9:7) სძლია.
ძირითად ტურნირში ჯიქია მე-7 რეიტინგის მქონე ბელგიელ დავინია ლობინგერს ეთამაშება. კვალიფიკაციის პირველ წრეში სოფიკო შარანგიამ ბრიტანელ ჯეორჯინა ბასტიკთან 3:6, 1:6 წააგო.
წყვილთა გათამაშების მეოთხედფინალში მე-3 ნომრად მიჩნეული ჯიქია და შარანგია ფრანგებს – ჯეორჯესსა და რადოვანოვიჩს გაეჯიბრებიან.  

ქართველები WTA-ს რეიტინგში
177 (181). ანა ტატიშვილი – 326 ქულა
179 (176). ოქსანა კალაშნიკოვა – 320
210 (208). მაკა ჩახნაშვილი – 258
345 (344). სოფო შაფათავა – 115
454 (450). მანანა შაფაქიძე – 72
473 (493). სოფო ქვაცაბაია – 66
479 (478). თათია მიქაძე – 63
535 (513). ეკატერინე გორგოძე – 52
1023 (1023). მაგდა ოქრუაშვილი – 6
1111 (1110). ანა ჯიქია – 3

ქართველები ATP-ს რეიტინგში
570 (572). ნიკოლოზ ბასილაშვილი – 48
1038 (1050). ლადო ჩიხლაძე – 7
1117 (1131). ლაზარე კუხალაშვილი – 6
1523 (1532). გიორგი ცივაძე – 1
1609 (1616). გიორგი რევაზიშვილი – 1
1609 (1616). სოზარ გოქაძე – 1
1609 (1616). ნოდარ ითონიშვილი – 1

დათო მანჯავიძე

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.167791