ჩოგბურთი

19:23 | 2.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

ტატიშვილმა ფავორიტის რანგში დაიწყო

საქართველოს პირველი ჩოგანი ანა ტატიშვილი გერმანიის ქალაქ ვერსმოლდში დაწყებულ საერთაშორისო ტურნირზე, რომლის საპრიზო ფონდიც 50 ათასი დოლარია, “უაილდ ქარდით” მიიწვიეს და პირველი განთესვაც მისცეს.

ტატიშვილმა საწყისი მატჩის ჩატარება უკვე მოასწრო და ფავორიტის შესაბამისად ითამაშა. ანამ დანიელ კარენ ბარბატს შანსი არ დაუტოვა და მხოლოდ 3 გეიმი დაუთმო – 2:6, 1:6. ქართველმა ჩოგბურთელმა 4 ეისი ჩააწოდა, 4 ორმაგი შეცდომა დაუშვა და 16-დან 6 ბრეიკ-პოინტი გამოიყენა.

მერვედფინალში ტატიშვილის მეტოქე ამერიკელ ჩიარა შოლს და ჩეხ რენატა ვორაცოვას შორის უმჯობესი იქნება, ჩვენის მხრივ კი დავძენთ, რომ “რეინერტ ოუფენის” მოგებისთვის 70 სარეიტინგო ქულაა გათვალისწინებული.

ვერსმოლდის ტურნირზე პირველი შეხვედრა ჯერაც ჩასატარებელი აქვს სოფო შაფათავას, რომელიც საწყის რაუნდში “უაილდ ქარდის” მქონე გერმანელ ანტონია ლოტნერს ეთამაშება.

წყვილთა შეჯიბრში ტატიშვილი და შაფათავა მე-2 ნომრად არიან განთესილნი და პირველ წრეში გერმანელებს – კოპრაჩს და სტოლს დაუპირისპირდებიან.

პოლონეთში, ტორუნის 25-ათასიან ტურნირზე წარმატებული სტარტი აიღო მაკა ჩახნაშვილმა. ქართველმა გოგონამ პირველ რაუნდში “უაილდ ქარდის” მქონე მასპინძელ მაგდალენა ფრეჩს 6:4, 6:3 მოუგო და შემდეგ წრეში უკრაინელ ბეიგელციმერს (მე-2 განთესვა) და პოლონელ კავას შერკინებაში გამარჯვებულს შეერკინება.

0.112419