ჩოგბურთი

15:56 | 9.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

ტატიშვილმა ბუდაპეშტის გრან-პრიზე პირველი წრე დასძლია

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში დაწყებულ საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 235 ათასი დოლარი) ანა ტატიშვილმა პირველი გამარჯვება იზეიმა. ქართველი ჩოგბურთელი საწყის რაუნდში “უაილდ ქარდის” მქონე მასპინძელ რეკა-ლუკა იანის დაუპირისპირდა და საათსა და 13 წუთში 6:3, 6:4 სძლია.

ტატიშვილს პირველ მოწოდებაზე 58%-ანი მაჩვენებელი ჰქონდა, საიდანაც სათავისოდ 64% (22 34-დან) დაასრულა, მეორე მოწოდებაზე კი ბურთების 45% (11 24-დან) მოიგო.

ანამ 1 ეისი მოაწოდა და 2 ორმაგი შეცდომა დაუშვა (იანის 8 ორმაგი ჰქონდა). ქართველმა ჩოგბურთელმა 8-დან 6 ბრეიკ-პოინტი გამოიყენა, ხოლო უნგრელმა 6-დან 3 ბრეიკი მიითვალა. ჯამში ანამ რეკა-ლუკაზე 15-ით მეტი ბურთი მოიგო – 63:48.

იანის დამარცხების წყალობით, ტატიშვილმა 30 სარეიტინგო ქულა მიიღო, შემდეგი შეხვედრა კი ებრაელ შაჰარ პერთან ელის. ამ უკანასკნელმა შვეიცარიელი ქსენია კნოლი ასევე ზედმეტი პრობლემების გარეშე – 6:2, 6:2 დაამარცხა.

ქართველი ჩოგბურთელი ისრაელის წარმომადგენელს WTA-ს ტურნირების ეგიდით პირველად დაუპირისპირდება. აქვე ვთქვათ, რომ ტატიშვილს რეიტინგში 101-ე ადგილი უკავია, პეერი კი მსოფლიოს 162-ე ჩოგანია, თუმცა, 2011 წლის იანვარში კლასიფიკაციაში მე-11 იყო. ებრაელის დამარცხების შემთხვევაში, ტატიშვილი 70 ქულას მიიღებს.

ტატიშვილს ჯერაც ჩასატარებელი აქვს წყვილთა ტურნირის პირველი წრის შეხვედრა. შეგახსენებთ, რომ ანა რუს ნინა ბრატჩიკოვასთან გახლავთ შეამხანაგებულ და “უაილდ ქარდის” მქონე დუეტს დაუპირისპირდება იმავე იანის და აგნეშ ბუკტას შემადგენლობით.

თეგებიტატიშვილი
0.111994