ჩოგბურთი

21:36 | 5.04.2010 | ნანახია [] - ჯერ

ტატიშვილმა 17 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა

ქართველმა ჩოგბურთელმა ანა ტატიშვილმა აშშ-ს ფლორიდის შტატის ქალაქ პონტე ვედრა ბიჩში მიმდინარე 220-ათასიან ტურნირზე საკვალიფიკაციო რაუნდის მე-3 მატჩიც მოიგო და ძირითად ბადეში გააღწია, რისთვისაც 17 სარეიტინგო ქულა და 1 725 დოლარი მიიღო.
20 წლის ტატიშვილმა, რომელმაც განახლებულ კლასიფიკაციაში 163-ე პოზიციას უწია, პირველ რაუნდში მე-4 ნომრად განთესილი პორტუგალიელი ლარჩერ დე ბრიტო (120-ე ჩოგანი) 0:6, 7:5, 6:4 დაამარცხა, შემდეგ კი მსოფლიოს რეიტინგში 148-ე პოზიციაზე მყოფ ავსტრალიელ მონიკ ადამჩაკს 6:4, 6:3 მოუგო.
ქართველ ჩოგბურთელს გადამწყვეტი ბრძოლა მე-7 რეიტინგის მქონე, მსოფლიოს ექს-ოცდამეათე ჩოგან (2008 წლის თებერვალში), აწ კი 131-ე ადგილოსან ჰოლანდიელ მიქაელა კრაიჩეკთან ჰქონდა, რომელსაც მოულოდნელად იოლად, 6:1, 6:3 სძლია. მატჩი საათზე ოდნავ მეტ ხანს გაგრძელდა, ანამ პირველ მოწოდებაზე ბურთების 69% (25 36-დან) მოიგო, მეორეზე – 71% (10 14-დან), 1 ეისი ჩააწოდა, 3 ორმაგი შეცდომა დაუშვა და 8 ბრეიკ-პოინტიდან 5 გამოიყენა.
ძირითად ბადეში ტატიშვილის მეტოქე რეიტინგში 53-ე ადგილზე მყოფი სლოვაკი მაგდალენა რიბარიკოვა იქნება, რომელსაც 10 აპრილს 22 წელი უსრულდება. ქართველი და სლოვაკი ჩოგბურთელები ერთმანეთს პირველად დაუპირისპირდებიან. მათ შორის გამარჯვებული მერვედფინალში უკრაინელ ალიონა ბონდარენკოსა (მე-2 განთესვა) და ბელორუს ოლგა გოვორცოვას შორის უმჯობესს შეერკინება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.094158