როგორც უკვე ვიუწყებოდით, ქართველმა ჩოგბურთელმა ანა ტატიშვილმა ცინცინატის პრემიერ კატეგორიის ტურნირის (საპრიზო ფონდი 2 369 000 დოლარი) ძირითად ბადეში გააღწია და დღეს მე-16 ნომრად განთესილ რუს მარია კირილენკოს ეთამაშება. მომავალი მატჩი თბილისის დროით 22:00 საათისთვის დაიწყება.
მანამდე კი, ქალთა საჩოგბურთო ასოციაციამ (WTA) განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა, სადაც ტატიშვილმა 624 ქულით 112-ე ადგილი შეინარჩუნა. გამოსარჩევია ის ფაქტიც, რომ საქართველოს მე-2 ჩოგნის სტატუსი დაიბრუნა ოქსანა კალაშნიკოვამ, რომელმაც სოფო შაფათავას 1 პოზიციით გადაასწრო. სულ კლასიფიკაციაში 6 ქართველი ჩოგბურთელია:
112 (112). ანა ტატიშვილი – 624 ქულა; 273 (295). ოქსანა კალაშნიკოვა – 179; 274 (272). სოფო შაფათავა 179; 430 (435). მაკა ჩახნაშვილი – 83; 476 (475). ეკატერინე გორგოძე – 71; 551 (551). სოფო ქვაცაბაია – 51;
წყვილთა რეიტინგში კალაშნიკოვამ მორიგი წინსვლა (6 ადგილით) განიცადა და 1675 ქულით უკვე მსოფლიოს 52-ე ჩოგანია, ტატიშვილი კი 970 ქულით 91-ე საფეხურზე იმყოფება.