ჩოგბურთი

15:08 | 31.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

ტატიშვილმა 104-ე ადგილზე გადაინაცვლა

ქალთა საჩოგბურთო ასოციაციის (WTA) განახლებულ რეიტინგში საქართველოს უძლიერესმა ჩოგბურთელმა ანა ტატიშვილმა მცირე წინსვლა განიცადა და 609 ქულით 109-დან 104-ე ადგილზე გადაინაცვლა.

ტატიშვილის გარდა, მსოფლიო კლასიფიკაციაში 7 ქართველი გოგონაა: 104 (109). ანა ტატიშვილი – 609 ქულა; 217 (225). სოფო შაფათავა – 268; 313 (315). ოქსანა კალაშნიკოვა – 143; 378 (382). ეკატერინე გორგოძე – 108; 453 (451). მაკა ჩახნაშვილი-რანცინგერი – 81; 640 (646). სოფო ქვაცაბაია – 41; 1194 (1197). მარიამ ბოლქვაძე – 5; 1243 (1247). თამარ ჭალაგანიძე – 3;

მიმდინარე კვირაში სოფო შაფათავა კოლუმბიის ქალაქ მედელინში იმყოფება და 50-ათასიან ტურნირში ძირითად ბადეშია დაშვებული. საწყის რაუნდში სოფო ძალებს კანადელ ფრანსუა აბანდასთან მოსინჯავს. წყვილებში მე-2 განთესვის მქონე შაფათავა და რუსი მარინა მელნიკოვა იმავე აბანდას და ამერიკელ დანიელა მორენო-კასტეს გაეჯიბრებიან.

საფრანგეთში, დიჟონის 15-ათასიანი ტურნირის პირველ წრეში კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულ კინი ლაინეს (საფრანგეთი) დაუპირისპირდება მაკა ჩახნაშვილი-რანცინგერი. წყვილებში ქართველი ჩოგბურთელი არ ითამაშებს.

ტრადიციულად, ანტალიის 10-ათასიანი ტურნირზე იასპარეზებენ ეკატერინე გორგოძე და სოფო ქვაცაბაია. მე-3 ნომრად განთესილი გორგოძე გერმანელი ლინდა პრენკოვიჩის დამარცხებას ეცდება, ხოლო ქვაცაბაიას მეტოქე პირველი განთესვის მქონე რუსი იულია კალაბინა იქნება.

ანტალიაშივე რჩება ვაჟთა შორის საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომელიც 10-ათასიანი ტურნირის ძირითად ბადეშია დაშვებული და სავარაუდოდ, პირველი განთესვა ექნება. პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) რეიტინგში ბასილაშვილს 145 ქულით 310-ე ადგილი უკავია.

ყაზახეთის ქალაქ შიმკენტში მიმდინარე 10-ათასიანი ტურნირის ძირითად ბადეში გასვლა მოახერხა გიორგი ჯავახიშვილმა. მე-5 ნომრად განთესილმა ქართველმა უზბეკებს – სარდორ პულატოვს და ოდილ აკრამოვს, შესაბამისად, 6:1, 6:2 და 6:4, 6:1 სძლია. ჯავახიშვილის შემდეგი მეტოქე რუსი ფიოდორ ჩერვიაკოვია.

საკვალიფიკაციო ბადე ვერ დასძლია გიორგი ცივაძემ, რომელსაც მე-9 რეიტინგი გააჩნდა. მან ყაზახი ადილ ელტაევი 6:2, 6:0 დაამარცხა, მე-8 ნომრად მიჩნეულ რუს ალეკსანდრ ჩეპელევთან კი 6:7 (2:7), 2:6 წააგო.

ძირითად ბადეში პირდაპირ გახლავთ დაშვეული ალექსანდრე მეტრეველი, რომელიც ძალებს ბელარუს პაველ ფილინთან მოსინჯავს. წყვილებში მეტრეველი და ყაზახი დენის იევსეევი “უაილდ ქარდის” მქონე უზბეკ პულატოვს და ყაზახ ბეკიმოვს გაეჯიბრებიან.

დასასრულ, შეგახსენებთ, რომ მექსიკაში მონტერეის საერთაშორისო ტურნირში (საპრიზო ფონდი 500 ათასი დოლარი) სცდის ძალებს ოქსანა კალაშნიკოვა.

ქართველმა ჩოგბურთელმა ერთეულთა თანრიგში კვალიფიკაცია ვერ დასძლია, წყვილებში კი კანადელ გაბრიელა დაბროვსკათან ერთად მე-2 ნომრად არის განთესილი და მერვედფინალში “უაილდ ქარდის” მქონე მექსიკელებს – ალეხანდრა სისნეროსს და კამილა ფუენტესს ეთამაშება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116995