ჩოგბურთი

14:22 | 12.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

ტატიშვილმა 100-ათასიანზე პირველი გამარჯვება იზეიმა

საქართველოს პირველმა ჩოგანმა ანა ტატიშვილმა მიდლენდის 100-ათასიან ტურნირზე წარმატებული სტარტი აიღო. მე-7 ნომრად განთესილი ქართველი ჩოგბურთელი “უაილდ ქარდის” მქონე ამერიკელ ტეილორ ტაუნსენდს გაეჯიბრა და 7:6 (7:2), 6:2 იმარჯვა.

ამ წარმატების წყალობით, ტატიშვილმა 13 სარეიტინგო ქულა შეიმატა, ხოლო თუკი მომდევნო წრეშიც იმარჯვა, 25 ქულას გამოიმუშავებს (ტურნირის მოგებისთვის 140 ქულაა). მერვედფინალში ანას მეტოქე ბრიტანელ ჰიზერ უოტსონს და ბერძენ ელენი დანილიდუს შორის უმჯობესი იქნება.

წყვილთა შეჯიბრში ტატიშვილი და ხსენებული უოტსონი მე-4 ნომრად არიან განთესილნი და მერვედფინალში ამერიკელებს – ეიჟა მუჰამადს და ტაუნსენდს ეთამაშებიან.

ესტონეთის დედაქალაქ ტალინში მიმდინარე 15-ათასიან ტურნირზე მოულოდნელი მარცხი განიცადა სოფო შაფათავამ. ქართველი ჩოგბურთელი მე-3 ნომრად გახლდათ განთესილი, თუმცა, “უაილდ ქარდის” მქონე ლატვიელ ელენა ოსტაპენკოსთან 6:3, 5:7, 5:7 წააგო.

წყვილებში შაფათავას და სლოვენიელი მაშა ზეჩ-პესკირიჩის პირველ ნომრად განთესილმა დუეტმა “უაილდ ქარდის” მქონე ესტონელები – ელისა მაი კოონიკი და იანა კუზოვკოვა 6:3, 6:2 დაამარცხა და მეოთხედფინალში სომეხი ანი ამირაღიანის და უკრაინელი განა პოჟიხირენკოს ტანდემს გაეჯიბრება.

0.113671