ჩოგბურთი

22:57 | 30.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

ტატიშვილის ზედიზედ თორმეტი

ანა ტატიშვილმა ნიუ ბრაუნფელსის 50-ათასიანი ტურნირის საწყის წრეში იოლი გამარჯვება იზეიმა. ქართველი ჩოგბურთელი ამერიკელ ჟაკლინ ჩაკოსთან შეხვედრაში 0:2 ჩამორჩა, რის შემდეგაც მეტოქეს ზედიზედ 12 (!) გეიმი მოუგო და 6:2, 6:0 იმარჯვა.

ტეხასური ტურნირის მერვედფინალში ანას მოწინაღმდეგე კვალიფიკაციის ერთ-ერთი გამარჯვებული – ამერიკელი ჯულია ელბაბა იქნება, რომელმაც გზიდან თანამემამულე როსალია ალდა ჩამოიცილა – 6:2, 6:2.

საინტერესოა, რომ ნიუ ბრაუნფელსის ტურნირს უკვე გამოეთიშნენ პირველ, მე-2 და მე-3 ნომრებად განთესილი ჩოგბურთელები – მარიანა დუკუე-მარინო (კოლუმბია), მიშელ ლარჩერ დე ბრიტო (პორტუგალია) და კოკო ვანდევეიგე (აშშ), რამაც ტატიშვილს მორიგი ტიტულისკენ სვლა უნდა გაუადვილოს.

სტამბულის 25-ათასიანი ტურნირს ერთეულთა თანრიგში გამოეთიშა სოფო შაფათავა. მერვედფინალურ მატჩში ქართველი ჩოგბურთელი კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულ – რუს ელიზავეტა კულიჩკოვასთან 3:6, 1:6 დამარცხდა.

წყვილთა შეჯიბრის მეოთხედფინალში მე-2 განთესვის მქონე შაფათავამ და უკრაინელმა ანასტასია ვასილიევამ უზბეკ ნიგინა აბდურაიმოვას და ყაზახ კსენია პალკინას 6:4, 6:3 სძლიეს.

ფინალის საგზურისთვის ქართველი და უკრაინელი ჩოგბურთელები მე-4 რეიტინგის მქონე თურქებს – ბასაკ ერაიდინს და მელის სეზერს გაეჯიბრებიან.

თურქეთშივე, კერძოდ კი, ანტალიაში გრძელდება 10-ათასიანი ტურნირი. მე-3 ნომრად განთესილმა ეკატერინე გორგოძემ საწყის რაუნდში მასპინძელი ესენ კოკჩე 6:0, 6:0 გაანადგურა და მერვედფინალში უნგრელ ჩილა არგიელანთან დაპირისპირება ელის.

წყვილებში გორგოძემ და ავსტრიელმა კიონიგმა (მე-2 განთესვა) რუმინელები – იოანა დუკუ და პატრისია მარია 6:1, 3:6, 10:7 დაამარცხეს და მეოთხედფინალში სოფო ქვაცაბაიას და ხსენებულ კოკჩეს (მე-4 განთესვა) დაუპირისპირდებიან. ამ უკანასკნელთ ბელგიურ-გერმანულ წყვილს (ელენ მეულემანი-დიმინიკ ვოლი) 6:2, 7:5 სძლიეს.

0.118802