ქართველმა ჩოგბურთელმა ანა ტატიშვილმა აშშ-ს ქალაქ ფინიქსში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის წყვილთა გათამაშების ფინალში გააღწია და მთავარი პრიზისთვის იბრძოლებს, ერთეულთა პირველობას კი ნახევარფინალში გამოეთიშა.
ტატიშვილმა ერთეულთა ბადის საწყის რაუნდებში სამი ამერიკელი ჩოგბურთელი ჩამოცილა. ანამ ლინდსი ლი-უოტერსი 7:6, (7:4), 7:6 (7:5) დაამარცხა, მე-7 ნომრად განთესილ მედისონ ბრენგლეს 0:6, 6:1, 6:1 სძლია, ხოლო მსოფლიოს ყოფილ მე-18 ჩოგან ალექსანდრა სტივენსონს 4:0-ს უგებდა, როდესაც მეტოქემ თამაშის გაგრძელებაზე უარი განაცხადა.
19 წლის ტატიშვილი ნახევარფინალში თანატოლ საშა ჯოუნსს გადაეყარა, რომელმაც ამ ეტაპამდე სეტის წაგების გარეშე მიაღწია. მეტიც, ზელანდიელ გოგონას, სამ შეხვედრაში, მეტოქეებისთვის სეტში სამი გეიმიც კი არ ჰქონდა დათმობილი.
ამ ფონზე ანამ ჯოუნსს პირველ სეტში იოლად 6:3 მოუგო, თუმცა, შემდეგ უპირატესობა ხელიდან გაუშვა და 6:3, 2:6, 1:6 დამარცხდა.
წყვილთა ტურნირში მე-2 ნომრად განთესილმა ტატიშვილმა და კანადელმა მარი-ივ პელეტიემ ამერიკელ ფუსანოსა და ინდოელ უბეროის 6:1, 6:0 სძლიეს, კოლუმბიელი კასტანოსა და ამერიკელი ჰეინსის ტანდემს კი 6:0, 6:3 მოუგეს.
ნახევარფინალში ტატიშვილმა და პელეტიემ მე-4 ნომრად მიჩნეული ბრაზილიელი ალვეშისა და კანადელი ელ ტაბახის წყვილს 6:4, 6:2 აჯობეს, ხოლო ფინალში პირველი რეიტინგის მქონე ამერიკელ ვაშუნგტონსა და კანადელ ფიჩმანს გაეჯიბრებიან.
ცნობისთვის, წინა კვირაში ტატიშვილმა როკ ჰილის 25-ათასიან ტურნირზე სწორედ ფიჩმანთან ერთად იმარჯვა, ამჯერად კი, დაპირისპირება ყოფილ მეწყვილესთან მოუწევს.
ფინიქსის საჩოგბურთო ტურნირის საპრიზო ფონდი 50 ათასი დოლარია.







