ქალთა საჩოგბურთო ასოციაციის (WTA) განახლებულ რეიტინგში ქართველთაგან საუკეთესო შედეგი ისევ ანა ტატიშვილს გააჩნია. მას 348 ქულა რჩება და კვლავ 177-ე ადგილზე იმყოფება. სულ კლასიფიკაციაში 6 ქართველი გოგონაა:
177 (177). ანა ტატიშვილი – 348 ქულა; 231 (232). სოფო შაფათავა – 245; 274 (275). ოქსანა კალაშნიკოვა – 182; 517 (516). მაკა ჩახნაშვილი – 63; 594 (594). ეკატერინე გორგოძე – 45; 717 (714). სოფო ქვაცაბაია – 28;
ტატიშვილს გასულ კვირაში მაკონის 25-ათასიანი ტურნირის მოგებისთვის კუთვნილი 50 ქულა მომდევნო კლასიფიკაციაში დაემატება, ამ კვირაში კი ანა შტატებშივე რჩება და როკ ჰილის ასევე 25-ათასიან ტურნირში ითამაშებს.
თურქულ ანტალიაში მორიგ 10-ათასიან ტურნირში იასპარეზებენ ეკატერინე გორგოძე და სოფო ქვაცაბაია. ისინი ძირითად ბადეში არიან დაშვებულნი და მეტოქეთა ვინაობას ოდნავ მოგვიანებით შეიტყობენ.
წყვილთა შორის ქართველთაგან ისევ კალაშნიკოვა ყოჩაღობს, რომელსაც რეიტინგში 51-ე ადგილი უკავია. ოქსანა მოსკოვში იმყოფება და “კრემლის თასზე” (საპრიზო ფონდი 795 707 დოლარი) გამოცდილ პარტნიორ ირინა ბურიაჩოკთან ერთად ჩაებმება.
პირველ რაუნდში ქართველი და უკრაინელი ჩოგბურთელები მე-4 ნომრად განთესილ ამერიკულ-პოლონურ დუეტს (ლეიზელ ჰუბერი-ალისია როსოლსკა) დაუპირისპირდებიან. “კრემლის თასზე” მეოთხედფინალში გასვლისთვის 120 სარეიტინგო ქულაა გათვალისწინებული.