აშშ-ს ქალაქ ფინიქსში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის მეოთხედფინალში, ქართველი ჩოგბურთელი ანა ტატიშვილიც იასპარეზებს, რომელმაც უკვე მეორე მასპინძელი გაამწარა.
19 წლის ტატიშვილმა, საწყის რაუნდში ლინდსი ლი-უოტერსს 7:6 (7:4), 7:6 (7:5) სძლია, მერვედფინალში კი მეტად უცნაურ მატჩში მე-7 ნომრად განთესილი მედისონ ბრენგლე დაამარცხა.
საქმე ის გახლავთ, რომ ანამ პირველი სეტი “მშრალზე” წააგო, შემდეგ კი, შანსი უკვე ამერიკელს აღარ დაუტოვა და 0:6, 6:1, 6:1 იმარჯვა.
ტატიშვილს მასპინძელ ჩოგბურთელთან გაჯიბრება მოუწევს მეოთხედფინალშიც, სადაც მის პირისპირ ალექსანდრ სტივენსონი დადგება.
28 წლის ამერიკელი, ერთ დროს, ამომავალ ვარსკვლავად ითვლებოდა და 2002 წლის ოქტომბერში მსოფლიოს მე-18 (!) ჩოგანიც კი გახლდათ, თუმცა ახლა, რეიტინგში 235-ეა.
სტივენსონმა გზიდან პირველ ნომრად განთესილი რუმინელი გალოვიცი (2:6, 6:2, 7:5) და კანადელი მარინო (3:6, 6:2, 6:3) ჩამოიცილა.
აღსანიშნავია, რომ მეოთხედფინალში, განთესილ ჩოგბურთელთაგან, მხოლოდ ორნი შემორჩნენ – აშშ-ს სახელით მოთამაშე ვარვარა ლეპჩენკო (2) და პარაგვაელი როსანა დე ლოს რიოსი (3). ორივე გოგონა ბადის მეორე ნახევარში ასპარეზობს, ამდენად, ქართველ ჩოგბურთელს ფინალში გასვლის არცთუ ცუდი შანსი აქვს.
ტატიშვილი წარმატებით ირჯება წყვილთა ტურნირშიც, სადაც კანადელ პელეტიესთან ერთად, მე-2 ნომრადაა მიჩნეული.
ქართულ-კანადურმა დუეტმა, კოლუმბიურ-ამერიკულ ტანდემს (კასტანო-ჰეინსი) 6:0, 6:3 სძლია და ნახევარფინალში ბრაზილიელი ალვეშისა და კანადელი ელ ტაბახის წყვილს ეთამაშება.
ფინიქსის საჩოგბურთო ტურნირის საპრიზო ფონდი 50 ათასი დოლარია.







