ქართველმა ჩოგბურთელმა ანა ტატიშვილმა კიდევ ერთი სენსაციის მოხდენა ვერ მოახერხა და ფლორიდაში მიმდინარე 220-ათასიანი ტურნირს მერვედფინალში მარცხი განიცადა, თუმცა, მომავალი კვირის რეიტინგში მაინც საკმაო ქულებს შეიმატებს, რაც მის საგრძნობ წინსვლას განაპირობებს.
მსოფლიოს კლასიფიკაციაში 163-ე ადგილზე მყოფმა ტატიშვილმა პონტე ვედრა ბიჩის ტურნირის საკვალიფიკაციო ბადეში პორტუგალიელ ლარჩერ დე ბრიტოს (120-ე), ავსტრალიელ მონიკ ადამჩაკსა (148-ე) და ჰოლანდიელ მიქაელა კრაიჩეკს (131-ე) სძლია, ძირითად ტურნირში კი სლოვაკ მაგდალენა რიბარიკოვასთან ნამდვილი ტრილერი გადაიტანა და მოსაგებად ორი საათი და ხუთი წუთი დასჭირდა – 6:3, 3:6, 7:5.
მერვედფინალში 20 წლის ტატიშვილი მსოფლიოს 52-ე ჩოგან ბელორუს ოლგა გოვორცოვას გადაეყარა და საათსა და ოც წუთში 2:6, 2:6 დამარცხდა. ანამ პირველ მოწოდებაზე ბურთების 44% (17 39-დან) მოიგო, მეორეზე კი 31% (4 13-დან). ქართველმა გოგონამ ერთადერთი ეისი ჩააწოდა, ორი ორმაგი შეცდომა დაუშვა და და 4-დან 2 ბრეიკ-პოინტი გამოიყენა, თავად კი მოწოდება 6-ჯერ წააგო.
ფლორიდული ტურნირის მერვედფინალში გასვლისთვის ტატიშვილმა 30 სარეიტინგო ქულა მიიღო, რისი წყალობითაც მომავალი კვირის კლასიფიკაციაში მსოფლიოს მოწინავე 150-ეულს მიუახლოვდება, საქართველოში კი პირველი ჩოგნის სტატუსს მიიღებს.







