ჩოგბურთი

2:02 | 7.04.2010 | ნანახია [] - ჯერ

ტატიშვილი კარიერის პიკზე

20 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა ანა ტატიშვილმა მიმდინარე წელს ყველაზე მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია. ფლორიდის შტატის ქალაქ პონტე ვედრა ბიჩში მიმდინარე 220-ათასიანი ტურნირის კვალიფიკაციაში სამი გამარჯვების შემდეგ, ანამ ძირითადი ბადის პირველი მატჩიც მოიგო და მერვედფინალში გააღწია, რისთვისაც 30 სარეიტინგო ქულასა და 2 950 დოლარს მიიღებს.
მსოფლიოს კლასიფიკაციაში 163-ე ადგილზე მყოფმა ტატიშვილმა საკვალიფიკაციო ბადეში პორტუგალიელ ლარჩერ დე ბრიტოს (120-ე), ავსტრალიელ მონიკ ადამჩაკსა (148-ე) და ჰოლანდიელ მიქაელა კრაიჩეკს (131-ე) სძლია, ძირითად ტურნირში კი სლოვალ მაგდალენა რიბარიკოვასთან ნამდვილი ტრილერი გადაიტანა და მოსაგებად ორი საათი და ხუთი წუთი დასჭირდა – 6:3, 3:6, 7:5.
ქართველმა ჩოგბურთელმა პირველ სეტში ორი ბრეიკი გააკეთა და რეიტინგში 53-ე საფეხურზე მდგარ მეტოქეს 39 წუთში აჯობა. მეორე სეტის დასაწყისში ტატიშვილმა და რიბარიკოვამ თითო ბრეიკი გაცვალეს, შემდეგ კი უპირატესობა სლოვაკის მხარეს გადავიდა და ანგარიში თანაბარი გახდა – 1:1. გამარჯვებულის გამოავლენად მე-3 სეტის გამართვა გახდა საჭირო, რომელიც ჩვენებურისთვის სასიკეთოდ ნამდვილად არ დაწყებულა.
ტატიშვილი თავიდან 1:3 ჩამორჩა, თუმცა, წონასწორობის აღდგენა მოახერხა. 4:5-ზე ანა 0:30 ჩამორჩა და ბეწვის ხიდზე გაიარა, 5:5-ზე კი ნერვების თამაშს უკვე მაგდალენამ ვერ გაუძლო და საკუთარი მოწოდება დათმო, რის შემდეგაც ქართველ გოგონას საქმის სასურველ ბოლომდე მიყვანა აღარ გასჭირვებია. ცნობისთვის, ბოლო სეტში მეტოქეებმა კორტზე 52 წუთი დაჰყვეს.
ანამ პირველ მოწოდებაზე ბურთების 64% (49 77-დან) მოიგო, მეორეზე კი – 48% (10 21-დან). ქართველმა ჩოგბურთელმა ერთადერთი ეისი ჩააწოდა (რიბარიკოვამ – 9) და 6 ორმაგი შეცდომა დაუშვა, 9 ბრეიკ-პოინტიდან 5 გამოიყენა (56%), თავად კი მოწოდება 4-ჯერ წააგო.
მერვედფინალში ტატიშვილის მეტოქე 21 წლის ბელორუსი ოლგა გოვორცოვა იქნება, რომელსაც რეიტინგში 52-ე ადგილი უკავია. ამ უკანასკნელმა პირველ წრეში სენსაცია მოახდინა და მსოფლიოს 24-ე ჩოგან, პონტე ვედრა ბიჩში კი მე-2 ნომრად განთესილ უკრაინელ ალიონა ბონდარენკოს 6:3, 4:6, 6:0 სძლია. ტატიშვილი და გოვორცოვა ერთმანეთის პირისპირ პირველად დადგებიან.
აქვე დავძენთ, რომ მომდევნო მატჩის წაგების შემთხვევაშიც კი, მომავალი კვირის რეიტინგში, ტატიშვილი მოწინავე 150-ეულს მიუახლოვდებდა და საქართველოს პირველი ჩოგანი გახდება. თუკი ანამ კიდევ ერთ წარმატებას მიაღწია, მეოთხედფინალში გასვლისთვის მისთვის სარეკორდო 70 ქულას გამოიმუშავებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.081511