ჩოგბურთი

22:21 | 19.11.2009 | ნანახია [] - ჯერ

ტატიშვილი კანადური ტურნირის მერვედფინალშია

საქართველოს პირველმა ჩოგანმა ანა ტატიშვილმა კანადის ქალაქ ტორონტოში მიმდინარე 50-ათასიან ტურნირზე პირველი გამარჯვება იზეიმა. ქართველმა გოგონამ რუსი ეკატერინა აფინოგენოვას წინააღმდეგობა არად ჩააგდო და მეტოქე 6:1, 6:2 გაანადგურა, რისი წყალობითაც მერვედფინალის საგზური მოიპოვა.
მე-2 წრეში ტატიშვილს გაცილებით სერიოზული მოწინააღმდეგე ელის. მასპინძელ სტეფანი დიუბუას მსოფლიოს რეიტინგში 109-ე ადგილი უკავია, კანადურ ტურნირზე კი პირველ ნომრადაა განთესილი.
ეგვიპტის დედაქალაქ ქაიროში დაწყებულ 25-ათასიან ტურნირზე პირველი დანაკლისი განიცადა ქართულმა დელეგაციამ. მე-5 ნომრად განთესილმა სოფო შაფათავამ რუსეთის სახელით მოთამაშე ნანული ფიფიასთან დიდი ბრძოლა გადაიტანა და 6:2, 5:7, 2:6 წააგო.
სამაგიეროდ, მეოთხედფინალში გააღწიეს სოფო ქვაცაბაიამ და ეკატერინე გორგოძემ. პირველმა ასევე რუსი ელენა კულიკოვა 6:4, 6:1 დაამარცხა, მეორემ კი იტალიელ ანასტასია გრიმალსკას 6:2, 6:2 მოუგო.
ნახევარფინალში გადასასვლელ შეხვედრებში გორგოძე შაფათავას გამამწარებელ ფიფიას დაუპირისპირდება და რევანშის აღებას ეცდება, ქვაცაბაიას მეტოქე კი პირველ ნომრად განთესილი იტალიელი ანა ფლორისი იქნება.
წყვილთა ტურნირის ნახევარფინალში გორგოძისა და შაფათავას მე-3 ნომრად განთესილი დუეტი პირველი რეიტინგის მქონე რუმინულ-ფრანგულ ტანდემს (ბუზარნესკუ-ტორპე) ეთამაშება.
პოლონეთის ქალაქ ოპოლეში მიმდინარე 25-ათასიან ტურნირში წარუმატებლობა შეემთხვა მე-3 ნომრად განთესილ მაკა ჩახნაშვილს – ქართველმა ჩოგბურთელმა გერმანელ ჯასტინ ოზგასთან 2:6, 6:4, 0:6 წააგო.
წყვილთა გათამაშებაში მე-3 ნომრად განთესილი ჩახნაშვილისა და ფრანგი ვონგსაუზის დუეტი პოლონელი კრჟესინსკასა და უკრაინელ სლობოდიანის ტანდემთან 1:6, 2:6 დამარცხდა.
ფრანგული ეკუეურდრევილის 10-ათასიან ტურნირს დაემშვიდობა ანა ჯიქია. მან კვალიფიკაციის დაძლევის შემდეგ, ძირითადი ბადის პირველ მატჩშიც იმარჯვა, მერვედფინალში კი ბელგიელ ანუკ დელეფორტრიესთან 4:6, 3:6 წააგო.

დათო მანჯავიძე

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.091604