ჩოგბურთი

23:30 | 4.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

ტატიშვილი კანადური ტურნირის ძირითად ბადეში იანკოვიჩს ეთამაშება

ანა ტატიშვილმა კანადის ქალაქ ტორონტოში მიმდინარე პრესტიჟული საჩოგბურთო ტურნირის (საპრიზო ფონდი 2 369 000 დოლარი) კვალიფიკაციაში მე-2 მატჩიც მოიგო და ძირითადი ბადის საგზური მოიპოვა.

შეგახსენებთ, რომ 21-ე ნომრად განთესილმა ქართველმა ჩოგბურთელმა საწყის შეხვედრაში “უაილდ ქარდის” მქონე კანადელ გლორია ლიანგს 6:1, 6:2 სძლია, დღეს კი მე-6 განთესვის მქონე შვედ იოჰანა ლარსონსაც მოულოდნელად იოლად – 6:0, 6:2 მოუგო.

“როჯერს ქაფის” ძირითად ბადეში ტატიშვილის პირველი მეტოქე მე-15 ნომრად განთესილი სერბი ელენა იანკოვიჩი იქნება, გამარჯვების შემთხვევაში კი, ქართველი ჩოგბურთელი კანადელებს - ფიჩმანს და დუბუას შორის უმჯობესს გაეჯიბრება. აქვე დავძენთ, რომ კვალიფიკაციის დაძლევისთვის 30 სარეიტინგო ქულა იყო გათვალისწინებული.

სხვათა შორის, იგივე წარმატებამდე ცოტა დააკლდა ოქსანა კალაშნიკოვას. მან პირველი მატჩი მე-8 რეიტინგის მქონე ესპანელ სილვია სოლერ-ესპინოსას 1:6, 6:4, 7:5 მოუგო, საკვალიფიკაციო ბადის გადამწყვეტ შეხვედრაში კი მე-13 ნომრად მიჩნეულ სლოვაკ იანა ჩეპელოვასთან 6:3, 0:6, 6:7 (4:7) დამარცხდა.

წყვილებში ქართველ ჩოგბურთელთაგან მხოლოდ კალაშნიკოვა ითამაშებს. ოქსანა პოლონელ ალისია როსოლსკასთან გახლავთ შეამხანაგებული და საწყის რაუნდში “უაილდ ქარდის” მქონე კანადელი ეუჟენი ბუშარის და ბელგიელი კირსტენ ფლიპკენსის დუეტს გაეჯიბრება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118356