ჩოგბურთი

14:49 | 17.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

ტატიშვილი იაპონელი ვეტერანის წინააღმდეგ

ქართველი ჩოგბურთელი ანა ტატიშვილი ფლორიდაში იმყოფება და მიმდინარე კვირაში მაიამის პრესტიჟული ტურნირზე ითამაშებს, რომლის საპრიზო ფონდიც 5 427 105 დოლარია.

გვიან ღამით ტატიშვილი საკვალიფიკაციო ბადეში ჩაებმება და ძალებს მე-11 განთესვის მქონე იაპონელ კიმიკო დატე-კრუმთან მოსინჯავს, რომელიც უკვე 43 (!) წლის გახლავთ, თუმცა, მსოფლიოს რეიტინგის მოწინავე ასეულში ადგილს (93-ე) მაინც ინარჩუნებს.

მაიამის ტურნირის კვალიფიკაციის პირველი რაუნდის დაძლევისთვის 20 სარეიტინგო ქულაა გათვალისწინებული, ძირითადი ბადის საგზური კი 30 ქულას იძლევა.

ისიც ვთქვათ, რომ დატე-კრუმის ძლევის შემთხვევაში, ტატიშვილი გადამწყვეტ წრეში მე-14 განთესვის მქონე ანაბელ მედინა-გარიგესს და “უაილდ ქარდის” მქონე კანადელ ფრანსის აბანდას შორის უმჯობესს გაეჯიბრება.

ქალთა საჩოგბურთო ასოციაციის (WTA) განახლებულ რეიტინგში ტატიშვილი 2 საფეხურით დაწინაურდა და 584 ქულით 109-ე ადგილზე იმყოფება. ანას გარდა, კლასიფიკაციაში 7 ქართველი გოგონა მოხვდა:

109 (111). ანა ტატიშვილი – 584 ქულა; 225 (224). სოფო შაფათავა – 263; 315 (316). ოქსანა კალაშნიკოვა – 143; 382 (396). ეკატერინე გორგოძე – 108; 451 (449). მაკა ჩახნაშვილი-რანცინგერი 81; 646 (747). სოფო ქვაცაბაია – 40; 1197 (1185). მარიამ ბოლქვაძე – 5; 1247 (1233). თამარ ჭალაგანიძე – 3;

ფლორიდულ ინისბრუკში მიმდინარე 25-ათასიანი ტურნირის ძირითად ბადეში მოხვედრას ცდილობდა თამარ ჭალაგანიძე, თუმცა, მიზანს ვერ მიაღწია. თამარმა კვალიფიკაციის პირველ რაუნდში ამერიკელ რიანა ვალდესთან 0:6, 0:6 წააგო.

ტრადიციულად, ანტალიის მორიგ 10-ათასიან ტურნირზე ითამაშებენ ეკატერინე გორგოძე და სოფო ქვაცაბაია, რომელმაც ახალ კლასფიკაციაში 101 პოზიციით წაიწია.

ანტალიაშივე ვაჟთა ანალოგიურ ტურნირში იასპარეზებს ვაჟთა შორის საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომელიც პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (AთP) ახალ რეიტინგში 145 ქულით 310-ე ადგილზე რჩება.

0.125694