ქალთა საჩოგბურთო ასოციაციის (WTA) განახლებულ რეიტინგში ანა ტატიშვილმა 23 პოზიცია დაკარგა და ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ისევ ასეულს მიღმა აღმოჩნდა. ახლა, ანას აქტივში 649 ქულაა და იგი 101-ე ადგილზე იმყოფება.
სამაგიეროდ, კარიერის საუკეთესო პერიოდი უდგას სოფო შაფათავას, რომელიც 260 ქულით 216-ე საფეხურზე დამკვიდრდა და უწინდელი მიღწევა 20 ადგილით გააუმჯობესა.
შეგახსენებთ, რომ გასულ კვირაში ტატიშვილმა და შაფათავამ გერმანულ ვერსმოლდში 50-ათასიანი ტურნირის წყვილთა გათამაშება მოიგეს, რაც მათ რეიტინგზე დადებითად აისახა. წყვილებში ანა 126-ეა, სოფო – 248-ე, ქართველთაგან საუკეთესო შედეგი კი ოქსანა კალაშნიკოვას გააჩნია, რომელმაც 1440 ქულით 62-ე პოზიციას უწია.
101 (78). ანა ტატიშვილი – 649 ქულა; 216 (236). სოფო შაფათავა – 260; 320 (313). ოქსანა კალაშნიკოვა – 137; 443 (414). მაკა ჩახნაშვილი – 76; 566 (491). სოფო ქვაცაბაია – 49; 618 (609). ეკატერინე გორგოძე – 41; 854 (841). ნათია გეგია – 17;
ტატიშვილი ამჟამად უნგრეთში იმყოფება და ბუდაპეშტის გრან-პრიზე, რომლის საპრიზო ფონდიც 235 ათასი დოლარია, ძირითად ბადეში ითამაშებს.
შარშან ეს ტურნირი აპრილ-მაისის მიჯნაზე გაიმართა და ქართველი ჩოგბურთელის კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო გამოდგა. ანამ მე-3 ნომრად განთესილი ბულგარელი ცვეტანა პირონკოვა 1:6, 6:3, 6:1 დაამარცხა, შემდეგ უნგრელ ვანდა ლუკაჩს 6:1, 6:2 სძლია, კანადელ ალეკსანდრა ვოზნიაკს კი 5:7, 7:6 (7:4), 6:4 მოუგო. ნახევარფინალში ტატიშვილი მომავალ გამარჯვებულ იტალიელ სარა ერანის გადაეყარა და 2:6, 1:6 დამარცხდა. შედეგად, ანამ 130 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა.
აღსანიშნავია, რომ იმავე ტურნირზე ტატიშვილი უნგრელ კატალინ მაროსისთან გახლდათ შეამხანაგებული და წყვილებშიც ნახევარფინალში ითამაშა, სადაც ასევე მომავალ ჩემპიონებთან – სლოვაკურ დუეტთან (ჰუსაროვა-რიბარიკოვა) 6:7 (3:7), 6:2, 6:10 დამარცხდა. აღნიშნულის წყალობით, ქართველმა გოგონამ წყვილთა კლასიფიკაციას აგრეთვე 130 ქულა შემატა.
წლეულს, ტატიშვილი მე-8 ნომრად გახლავთ განთესილი და პირველ რაუნდში მასპინძელი რეკა-ლუკა იანის სახით არცთუ ძლიერი მეტოქე
წყვილთა ტურნირში მხოლოდ 8 დუეტი მოგროვდა, ამდენად, შეჯიბრი პირდაპირ მეოთხედფინალიდან იწყება. ტატიშვილი და რუსი ანა ბრატჩიკოვა პირველ მატჩში “უაილდ ქარდის” მქონე უნგრელებს – აგნეშ ბუკტას და იმავე რეკა-ლუკა იანის ეთამაშებიან, ამდენად, ნახევარფინალში გასვლის ჩინებული შანსი აქვთ.
WTA-ს ეგიდით კიდევ ერთი 235-ათასიანი ტურნირი ტარდება იტალიის ქალაქ პალერმოში, სადაც ძალებს მაკა ჩახნაშვილი სცდიდა. XXVI Italiacom Open-ის საკვალიფიკაციო ბადის პირველ შეხვედრაში ქართველი ჩოგბურთელი სერბ ტეოდორა მირჩიჩს დაუპირისპირდა და 0:6, 5:7 წააგო.
საფრანგეთის ქალაქ ბიარიცში იმყოფება სოფო შაფათავა, რომელიც 100 ათასიან Open GDF Suez de Biarritz-ში ჩაერთო. ძირითადი ბადის პირველ წრეში ქართველი ჩოგბურთელი მასპინძელ ლაურა ტორპეს ეთამაშა და 2:6, 1:6 დამარცხდა. წყვილებში სოფო და ბულგარელი ალეკსანდრა ნაიდენოვა მე-4 განთევის მქონე უკრაინელებს – ბეიგელციმერს და სავჩუკს უნდა დაუპირისპირდნენ.
თურქულ სტამბულში სტარტი აიღო 25-ათასიანმა ტურნირმა, რომელშიც წარმატებულად ჩაერთო ოქსანა კალაშნიკოვა. მან მასპინძელი იპეკ სოილუ 6:4, 6:3 დაამარცხა და მერვედფინალში მე-8 ნომრად განთესილ ზლოჩოვას (სლოვაკეთი) და ბოუტელს (ირლანდია) შორის უმჯობესს ეთამაშება.
სტამბულშივე ვაჟთა 10-ათასიანი ტურნირის კვალიფიკაცია დასძლია გიორგი ცივაძემ. მე-2 ნომრად განთესილმა ქართველმა ჩოგბურთელმა “უაილდ ქარდის” მქონე თურქ სინან ტუნას 6:2, 6:2 მოუგო, შემდეგ კი ფრანგ ალექსანდრ დავიდსაც იოლად აჯობა – 6:1, 6:4. მიხეილ ხმიადაშვილი პირველივე შეხვედრაში ავსტრალიელ დამიან ფარინოლასთან 6:7 (8:10), 6:2, 3:6 დამარცხდა. ძირითად ბადეში ცივაძის მეტოქე მოგვიანებით გაირკვევა. იქვე იასპარეზებს ძირითადში პირდაპირ დაშვებული ალექსანდრე მეტრეველიც.
გარკვეული პაუზის შემდეგ, კორტს დაუბრუნდა ეკატერინე გორგოძე, რომელიც განახლებულ რეიტინგში უკვე 618-ე ადგილზე იმყოფება. გორგოძე გერმანიაში იმყოფება და აშაფენბურგის (საპრიზო ფონდი 25 ათასი დოლარი) ძირითად ბადეში გასვლას ცდილობს.
ეკატერინე კვალიფიკაციაში მე-10 ნომრად გახლდათ განთესილი და საწყის რაუნდში დაისვენა, შემდეგ კი გერმანელ ტაისია მორდერგერს 6:3, 6:4 სძლია. გადამწყვეტ შეხვედრაში ქართველი გოგონა კიდევ ერთ მასპინძელ – ლაურა შაედერს (მე-7 განთესვა) გაეჯიბრება.
დასასრულ ნიკოლოზ ბასილაშვილზე ვთქვათ, რომელიც პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) განახლებულ რეიტინგში 152 ქულით 295-ე ადგილზე იმყოფება. ქართველი ჩოგბურთელი სტამბულის ტურნირის (საპრიზო ფონდი 42 500 დოლარი) ძირითად ბადეში უნგრელ მარტონ ფუჩსოვიჩთან 1:6, 5:7 დამარცხდა. PTT Cup