გაირკვა იმ მეტოქის ვინაობა, რომელსაც საქართველოს პირველი ჩოგანი ანა ტატიშვილი მიდლენდის 100-ათასიანი ტურნირის საწყის რაუნდში დაუპირისპირდება.
ქართველი ჩოგბურთელი მე-7 ნომრად გახლავთ განთესილი, მიჩიგანური შეჯიბრის პირველ წრეში კი ძალებს “უაილდ ქარდის” მქონე ამერიკელ ტეილორ ტაუნსენდთან მოსინჯავს. თუკი ანამ ეს ბარიერი დასძლია, მერვედფინალში ბრიტანელ ჰიზერ უოტსონს და ვეტერან ბერძენ ელენი დანილიდუს შორის უმჯობესს ეთამაშება.
წყვილთა გათამაშებაში ტატიშვილი ხსენებულ უოტსონთან გახლავთ შეამხანაგებული და ტურნირში მე-4 განთესვით ჩაებმება. ანა და ჰიზერი საწყის შეხვედრაში ამერიკელებს – აღნიშნულ ტაუნსენდს და ეიჟა მუჰამადს გაეჯიბრებიან.
შტატებშივე, რანჩო სანტა ფეს 25-ათასიან ტურნირს საკვალიფიკაციო ბადეშივე გამოეთიშა თამარ ჭალაგანიძე. მე-16 ნომრად განთესილი ქართველი ჩოგბურთელი მე-2 რაუნდში ამერიკელ ჯესიკა ფაილასთან 3:6, 4:6 დამარცხდა. წყვილებში ჭალაგანიძე და უკრაინელი ოლეკსანდრა კორაშვილი მე-2 რეიტინგის მქონე ამერიკელ ლუიზა ჩირიკოს და ავსტრიელი ტამირა პაშეკს ეთამაშებიან.
ესტონეთის დედაქალაქ ტალინში 15-ათასიან ტურნირზე მე-3 ნომრად განთესილი სოფო შაფათავა “უაილდ ქარდის” მქონე ლატვიელ იელენა ოსტაპენკოს გაეჯიბრება და წესით, არც მომდევნო ეტაპის დაძლევა უნდა გაუჭირდეს, რადგანაც მერვედფინალში “უაილდ ქარდის” მქონე ჩოგბურთელებს – ავსტრიელ იანინა ტოლიანს და ჰოლანდიელ ევა ვაკანოს შორის გამარჯვებულს ეთამაშება.
წყვილებში შაფათავა და სლოვენიელი მაშა ზეჩ-პესკირიჩი უმთავრეს ფავორიტებად არიან მიჩნეულნი და ტურნირის სტარტზე “უაილდ ქარდის” მქონე ესტონელებს – ელისა მაი კოონიკს და იანა კუზოვკოვას დაუპირისპირდებიან.
ანტალიის 10-ათასიან ტურნირზე წარმატებული სტარტი აიღო ეკატერინე გორგოძემ. მე-3 ნომრად განთესილმა ქართველმა ჩოგბურთელმა პირველ მატჩში უნგრელი ჩილა არგიელანი 6:0, 6:0 გაანადგურა და მერვედფინალში უკრაინელ ალიონა ფომინასთან ჭიდილი ელის. პირველ წრეში იაპონელ ნაცუმი ჩიმურას გაეჯიბრება სოფო ქვაცაბაია.
წყვილთა ტურნირში ქვაცაბაიამ და თურქმა კოკჩემ შვეიცარიელი კიმ იანა ჰაუსლერი და ავსტრიელი ტინა შიეხტლი უშანსოდ დაამარცხეს (6:0, 6:0), მეოთხედფინალში კი უკრაინულ-გერმანულ (ფომინა-შაკოვეცი) და სლოვაკურ დუეტებს (იუჰაზოვა-იურიკოვა) შორის უმჯობესს ეთამაშებიან.