ჩოგბურთი

2:39 | 12.04.2010 | ნანახია [] - ჯერ

ტატიშვილი 700-ათასიანი ტურნირის ძირითად ბადეშია

20 წლის ქართველ ჩოგბურთელ ანა ტატიშვილს წარმატებული პერიოდი უდგას. ჩვენებურმა გასულ კვირაში პონტე ვედრა ბიჩის 220-ათასიანი ტურნირის მერვედფინალში გააღწია, ამჯერად კი ჩარლსტონის პირველობაზე, რომლის საპრიზო ფონდიც 700 ათასი დოლარია, საკვალიფიკაციო ბადე დასძლია და ძირითადი ტურნირის საგზური მოიპოვა.
კვალიფიკაციაში მე-10 ნომრად განთესილ ტატიშვილს უმძიმესი ბრძოლა პირველ რაუნდში გადახდა, როდესაც რეიტინგში გაცილებით დაბლა მდგარ (163-ე 417-ეს პირისპირ) სამხრეთაფრიკელ ნატალი გრენდინთან მატჩ-ბოლის გადარჩენა მოუხდა და საბოლოოდ, 5:7, 7:5, 6:2 იმარჯვა.
ანას შედარებით იოლი შერკინება გადაიტანა კვალიფიკაციის დასკვნით რაუნდში, სადაც მე-3 ნომრად მიჩნეულ ავსტრალიელ მონიკ ადამჩაკს (მსოფლიოს 141-ე ჩოგანი) გადაეყარა და საათსა და ოცდაექვს წუთში 7:6 (7:5), 6:3 დაამარცხა.
ქართველმა ჩოგბურთელმა პირველ მოწოდებაზე ბურთების 60% (27 45-დან) მოიგო, მეორეზე კი – 45% (5 11-დან). ტატიშვილმა 3 ეისი ჩააწოდა და ამდენივე ორმაგი შეცდომა დაუშვა, 17 ბრეიკ-პოინტიდან 6 გამოიყენა, ხოლო თავად მოწოდება 4-ჯერ დათმო.
საინტერესოა ისიც, რომ პირველი სეტის ტაი-ბრეიკზე ანა 5:1-ს იგებდა და მეტოქეს ანგარიშის გათანაბრების საშუალება მისცა, თუმცა, დასკვნითი ორი ქულა ისევ თავად მიითვალა და გამარჯვებას საფუძველი ჩაუყარა.
აღნიშნული წარმატების წყალობით, ტატიშვილმა ჩარლსტონის ტურნირის ძირითად ბადეში გააღწია, რითაც 13 სარეიტინგო ქულა და 1 965 დოლარი გამოიმუშავა. თუკი, ქართველმა გოგონამ მომავალ მატჩშიც იმარჯვა, მის მონაგარს ერთბაშად 40 ქულა შეემატება. ცნობისთვის, ჩარლსტონის ტურნირის პირველი ნომერი დანიელი კაროლინ ვოზნიაცკია, რომელსაც კვალში სერბი ელენა იანკოვიჩი და ბელორუსი ვიკტორია აზარენკა უდგანან.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.09829