ქართველი ანა ტატიშვილისა და ამერიკელი ლილია ოსტერლოს წყვილმა აშშ-ს ქალაქ მიდლენდში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის ნახევარფინალში გააღწია, რომლის საპრიზო ფონდიც 100 ათასი დოლარია.
მე-4 ნომრად განთესილმა ქართულ-ამერიკულმა დუეტმა მეოთხედფინალში სერბი მირჩიჩისა და გერმანელი ვოერლეს ტანდემს განსაკუთრებული პრობლემების გარეშე, 6:2, 6:3 სძლია.
ტატიშვილისა და ოსტერლოს მომდევნო მეტოქეთა ვინაობა დასკვნით მეოთხედფინალურ მატჩში გაირკვევა, რომელშიც მე-2 რეიტინგის მქონე ბერძენი დანილიდუ და გერმანელი ვოერი ბელგიელ ჰენდლერსა და ჩეხ ვაიდიშოვას ეთამაშებიან.
საინტერესოა, რომ თუკი წარმატებას ბერძნულ-გერმანულმა წყვილმა მიაღწია, ნახევარფინალში განთესვის ოთხი მოწინავე იასპარეზებს.
სამწუხაროდ, ტატიშვილი უკვე გამოეთიშა ერთეულთა ტურნირს, რომლის მერვედფინალშიც ამერიკელ ლაურა გრენვილთან 6:7 (6:8), 0:6 წააგო. არადა, გამარჯვების შემთხვევაში, ანა მსოფლიოს რეიტინგში ოქსანა კალაშნიკოვას უსწრებდა და საქართველოს პირველი ჩოგნის სტატუსს იბრუნებდა.
ესპანეთის ქალაქ მალიორკაში მიმდინარე 10-ათასიან ტურნირზე ფინალში გააღწიეს მე-3 ნომრად განთესილმა სოფო ქვაცაბიამა და რუსმა ავგუსტა ციბიშევამ, რომელთაც გზიდან პირველი რეიტინგის მქონე ესპანელებს (არუაბარენა-ვესინო/როსეტ-ფრანკო) 7:5, 6:3 სძლიეს.
ფინალში ქართულ-რუსული დუეტი კავალე-რეიმერსს (ესპნეთი)-ლაზარევასა (რუსეთი) და დავატო (იტალია)-ფერერ-სუარესის (ესპანეთი) წყვილებში შორის უმჯობესს გაეჯიბრება.
ესპანური ტურნირის ერთეულთა გათამაშებაში აგრძელებს ბრძოლას ეკატერინე გორგოძე. ქართველი ჩოგბურთელი მეოთხედფინალში ხსენებულ ესპანელ ინეს ფერერ-სუარესს დაუპირისპირდება.







