30 ოქტომბერს, ფეხბურთში საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის საპასუხო მატჩები გაიმართება. ყველა თამაში14 საათზე დაიწყება, გარდა ზესტაფონისა, სადაც გუნდები მოედანზე ერთი საათით გვიან გავლენ.
თბილისის “დინამოს” “თავი ქუდში” აქვს, რადგან პირველი მატჩი ხობში დიდი ანგარიშით, 9:0 მოიგო და 1/4-ფინალი გაინაღდა. თბილისელთა თავკაცს საშუალება აქვს, რომ მოედანზე გასვლის შანსი იმ ფეხბურთელებს მისცეს, რომლებიც სასტარტო შემადგენლობაში ვერ ხვდებიან.
ასევე, მშვიდად შეუძლია იყოს საჩხერის “ჩიხურა”, რომელმაც სტუმრად “ლოკომოტივს” სამბურთიანი სხვაობით აჯობა. სავარაუდოდ, საჩხერელთა დამრიგებელიც რამდენიმე წამყვან ფეხბურთელს დაასვენებს, მითუმეტეს, კვირას ეროვნული ჩემპიონატის მორიგი ტურია.
რუსთავის “მეტალურგს” პირველლიგელ “კოლხეთთან” ორბურთიანი ფორა აქვს და თუ ჩემპიონატის ბოლო ტურებში ქვემოქართლელთა ნაჩვენებ შედეგს გავითვალისწინებთ, შემდეგ ეტაპზე გაღწევის კარგი შანსი ეძლევა. თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ ფოთში “კოლხეთთან” თამაში იოლი არაა.
“ქართული კლასიკოს“ წაგების შემდეგ, ქუთაისის “ტორპედოს” ურთიერთობის გარკვევა ჩემპიონატის აუტსაიდერ “სპარტაკთან” მოუწევს. პირველ მატჩში დაფიქსირებული შედეგიდან გამომდინარე, ქუთაისელებს უკან დასახევი გზა არ აქვთ, რადგან თასიდან ნაადრევად გამოთიშვა “ტორპედოს” გეგმებში ნამდვილად არ შედის. თუმცა, სათასო მატჩებში მოულოდნელი შედეგები არახალია და ამის დასტური, თუნდაც ამ გუნდების მიერ ქუთაისში ჩატარებული შეხვედრაა.
დაძაბული ბრძოლა იქნება ზესტაფონში, სადაც ბოლნისის “სიონი” სტუმრობს. “ზესტაფონელებს” გარდა იმისა, რომ მასპინძლები არიან, სხვა უპირატესობაც აქვთ. კერძოდ, გიორგი კიკნაძე “სიონიდან” წავიდა და როდესაც გუნდში ასეთ რამ ხდება, ფეხბურთელებისთვის მთლიანად თამაშზე კონცენტრაცია იოლი საქმე არაა.
სამტრედიაში “მერანი” “გურიას” უმასპინძლებს და კარგი შესაძლებლობა აქვს, ბოლო დროს ჩემპიონატში ნაჩვენები უარყოფითი შედეგების შემდეგ, გულშემატკივრების წინაშზე ნაწილობრივი რეაბილიტაცია თასზე მოახდინოს. მარტვილელებმა პირველი თამაში სტუმრად მოიგეს და შესაბამისად, მეტოქესთან შედარებით, მათთვის 1/4-ფინალისკენ გზა უფრო მეტადაა ხსნილი.
“დილა” ქობულეთს ესტუმრება ბათუმის “დინამოსთან” დასაპირისპირებლად. გორელებს პირველი მატჩი მინიმალური ანგარიშით კი აქვთ მოგებული, მაგრამ შემადგენლობის მხრივ პირველლიგელ ბათუმელებზე უკეთ გამოიყურებიან და წესით, 1/4-ფინალში უნდა მოხვდეს. თუმცა, “დინამო” უამბიციო გუნდის ნამდვილად არაა და ზღვისპირელ ფეხბურთელებს გორელებთან საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის კარგი შანსი ეძლევათ.
“ვიტ ჯორჯია” პირველლიგელ ქობულეთის “შუქურას” დაუპირისპირდება. თბილისელებმა პირველი თამაში მინიმალური ანგარიშით წააგეს და სრული საფუძველი აქვთ, რომ მომდევნო ეტაპზე მოსახვედრად იბრძოლონ. მითუმეტეს, გასულ ტურში შინ “დილასთან” დამარცხდნენ და ახლა შანსი აქვთ გუნება თასზე გამოიკეთონ.
სპარტაკი (ცხინვალი) –ტორპედო (ქუთაისი) (პირველი მატჩი 2:2)
30 ოქტომბერი. 14:00. თბილისი. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი.
მსაჯები: ა.ნონიკაშვილი, ლ.ვარამაშვილი, ზ.ბერულავა, მეოთხე მსაჯი: ა.ბასლეჰლო.
ჩიხურა (საჩხერე) - ლოკომოტივი (თბილისი) (3:0)
30 ოქტომბერი. 14:00. ქუთაისი. “ცენტრალური”.
მსაჯები: ხ.გაგნიძე, ზ.ასკაროღლი, ფ.ჭაავა, მეოთხე მსაჯი: ა.კრიჭაშვილი.
დინამო (თბილისი) – კოლხეთი (ხობი) (9:0)
30 ოქტომბერი. 14:00. თბილისი. “დინამო არენა”.
მსაჯები: გ.ყრუაშვილი, ა.ჟივიძე, კ.სადილიანი, მეოთხე მსაჯი: ბ.ნინუა.
კოლხეთი (ფოთი) - მეტალურგი (რუსთავი) (0:2)
30 ოქტომბერი. 14:00. ფოთი. “ფაზისი”.
მსაჯები: გ.კიკაჩეიშვილი, დ.კვეტენაძე, მ.კუპატაძე, მეოთხე მსაჯი: ი.კვირიკაშვილი.
ზესტაფონი - სიონი (ბოლნისი) (0:1)
30 ოქტომბერი. 15:00. ზესტაფონი. დავით აბაშიძის სახელობის სტადიონი.
მსაჯები: თ.გვანცელაძე, ზ.ფიფია, ლ.თოდრია, მეოთხე მსაჯი: დ.ხარიტონაშვილი.
დინამო (ბათუმი)-დილა (გორი) (0:1)
30 ოქტომბერი. 14:00. ქობულეთი. “ჩელე არენა”.
მსაჯები: ლ.სილაგავა, ბ.ჭიჭინაძე, ს.სპიცინი, მეოთხე მსაჯი: დ.სანოძე.
მერანი (მარტვილი) - გურია (ლანჩხუთი) (2:1)
30 ოქტომბერი. 14:00. სამტრედია. ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონი.
მსაჯები: თ.ხუჭუა, ი.უკლება, დ.გაბისონია, მეოთხე მსაჯი: ჯ.ხორავა.
ვიტ ჯორჯია (თბილისი) - შუქურა (ქობულეთი) (0:1)
30 ოქტომბერი. 14:00. მცხეთა. “მცხეთა პარკი”.
მსაჯები: გ.ვადაჭკორია, ზ.მენთეშაშვილი, დ.ჩიგოგიძე, მეოთხე მსაჯი: მ.ბეუქლიშვილი.
ბადრი კეთილაძის ფოტო