რაგბი

20:46 | 16.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

თასი აფრიკას, გამოცდილება - ჩვენ

საქართველოს ეროვნული ნაკრების კანდიდატებმა უდიდესი გამოცდილება მიიღეს და ესაა მთავარი. ქართული რაგბის გულშემატკივრებს თბილისის თასის მოგების იმედი ჰქონდა და პრინციპში, რეალურად, მეტოქეთა ძალის გათვალისწინებით, ამის შესაძლებლობაც იყო, მაგრამ...

ივნისის ტესტებზე არასდროს ხერხდება საუკეთესო მორაგბეების შეკრება და ამჯერადაც ასე მოხდა. უფრო მეტიც - წვალებით მოპოვებულ ტურნირზე მასპინძლებს უზარმაზარი პრობლემები შეექმნათ და ბოლო მატჩში განაცხადის შევსების პრობლემაც კი გაჩნდა. მე თუ მკითხავთ, სჯობდა აქცენტი თავიდანვე სრულად ახალი მორაგბეების გამოცდაზე გაკეთებულიყო და არ გვეფიქრა შედეგზე, თორემ ბოლო მატჩამდე ხუთი დღით ადრე მწვრთნელი რომ იტყვის - “ჩვენ ამ ტურნირის მოგება გვინდოდა და სამწუხაროა, პრემიალური ქულა რომ ვერ ავიღეთ, ახლა გაგვიჭირდებაო” - და მერე გამოცდის დებიუტანტებს, ეს უკვე სხვაგვარად ჩანს.

სხვა საქმეა რა ქნეს დებიუტანტებმა. მათ ისე ითამაშეს, რომ თასის თბილისში დატოვების იმედი გააჩინეს, მაგრამ გამოცდილება და კიდევ ბევრი რამ არ ეყოთ. და რა არის ეს ბევრი რამ? - როცა შენივე მოწოდებულ აუტს აგებ და თანაც იმაზე ხშირად, ვიდრე იგებ; როცა უაზროდ ჯარიმდები და თანაც შეტევაში; როცა არ ფიქრობ საკუთარი შეცდომების გამოსწორებაზე, მაშინ მოგების შანსი მეტოქის ხელშია.

აფრიკასთან თამაში არ იყო პირველი, სადაც ყველაზე ხშირად და გადამწყვეტ მომენტებში დავჯარიმდით. არც საკუთარი დერეფნები დაგვითმია პირველად და მწვრთნელმა ვერაფერი შეცვალა ამ კუთხით, ან კიდევ ბიჭებს ვერაფერი შეაგნებინა... ახლა აირჩიეთ აქედან საუკეთესო. მაგრამ აფრიკელებთან ვერმოგების მთავარი მიზეზი სწორედ ზემოთ ნახსენები შეცდომებია და არა გადახალისებული შემადგენლობა.

არავინ ელოდა, რომ ქართველთა ეს კრებული აფრიკელებთან გამარჯვებისთვის იბრძოლებდა, მაგრამ ბიჭებმა ისე თავდადებით ითამაშეს, ისე იბრძოლეს, რომ გამარჯვების იმედი გაჩნდა. თუმცა, თავიდან შეუთამაშებლობამ თავისი გავლენა იქონია. რაქში დაჯარიმების შემდეგ მეტოქემ ანგარიში გახსნა. აქვე, აფრიკელებმა დაინახეს, რომ აუტში ნორმალური კომბინაცია არ გვქონდა, ჩვენი მოწოდებაც მათი ნადავლი ხდებოდა და ფეხით ტაქტიკურმა დარტყმამ უარყოფითი შედეგი დააფიქსირა.

აფრიკელები ორი ჯარიმით დაწინაურდნენ და მალევე კოტე მიქაუტაძის უხეში ბოჭვისთვის სინბინის გამო მეტობაში აღმოჩნდნენ, მაგრამ ქართველებმა მოინდომეს, მსაჯს  ჯარიმა გამოსტყუეს და 42 მეტრიდან ბექა წიკლაურმა ზუსტად დაჰკრა.

მალევე აფრიკელებმა ლაშა მალაღურაძეს დაუფარეს და ლელოს გადავრჩით, მაგრამ მერე დავით კაჭარავას მოკლე გადაკიდებულზე მეტოქემ უხეშად ითამაშა და თავადაც დაისაჯა სინბინით.

სანამ გუნდები ნაკლული იყვნენ, ყიასაშვილმა ჯერ ხელით აიტანა ბურთი, მერე ფეხით ითამაშა კარგად, გუნდს უპირატესი მდგომარეობა შეუქმნა და საქართველოს ნაკრებმაც  20-მეტრიანი დერეფნიდან შეუტია. ბექა ბიწაძის მოგებული დერეფნის შემდეგ, ბიჭებმა მოლით მეტოქე 20 მეტრი არბენინეს და ლევან ჩილაჩავამ ლელო მიითვალა, ხოლო წიკლაურმა - გარდასახვა.

და მაინც, ქართველებმა დერეფნის დათმობის ხარჯზე უპირატესობა ვერ გამოიყენეს. მეტოქეებმა ჯარიმები გაცვალეს, მერე მასპინძელთა დაცვის ზღუდეში ნაპრალი გაჩნდა, ლელო გაუშვეს და ტაიმი 13:16 დათმეს.

მეორე ტაიმის დასაწყისში სწრაფ ლელოს გადავრჩით, მერე თითქოს თამაში დალაგდა და წონასწორობაც აღსდგა (16:16), მაგრამ მეტოქე ორგანიზაციაში გვჯობდა და ლელო გაიტანა. აფრიკელებმა გარდასახვის და ჯარიმის არგატანით, შანსი დაგვიტოვეს, მაგრამ მათი გამოყენება ვერ მოხერხდა და თამაშიც 16:21 დასრულდა.

პრესკონფერენცია

მილტონ ჰეიგი (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “დღეს მოედანზე გასულმა ბიჭებმა თავი დადეს და ნასიამოვნები ვარ. ყველა ფიქრობდა, რომ ამ შემადგენლობით დიდი სხვაობით დავმარცხდებოდით, მაგრამ ასე არ მოხდა. წაგების მიზეზი ბევრია - დერეფანი, ჯარიმები, ამ ყველაფერზე ვარჯიშებზე უნდა ვიმუშაოთ. რაც მთავარია, გამოცდილება მივიღეთ და მას სამომავლოდ გამოვიყენებთ”.

სიმონ მაისურაძე: “სწორედ ასეთ თამაშებში ვიღებთ გამოცდილებას და ეს მნიშვნელოვანია. პოზიციის ცვლა გამიჭირდა, მაგრამ მთავარია საქართველოს გამოვადგე”.

ჯიმი სთოუნჰაუსი (სამხრეთ აფრიკის საპრეზიდენტო XV-ის მთავარი მწვრთნელი): “დღევანდელი თამაშის ბედი ქარმა გადაწყვიტა, რომელსაც ალღო ჩვენ უფრო ავუღეთ. კარგი იყო საქართველოს უძლიერეს ნაკრებთან გვეთამაშა, მაგრამ რაც მთავარია, საჭირო გამოცდილება მაინც მივიღეთ”.

ბრენდან სნეიმანი (სამხრეთ აფრიკის კაპიტანი):  “მე არ ვიცი საქართველოს ვინმე აკლდა თუ არა. შერკინებაში ძალიან გაგვიჭირდა, მაგრამ სასურველ გამარჯვებას მივაღწიეთ”.

ურუგვაის ეროვნულმა ნაკრებმა და მზარდმა ირლანდიამ მაყურებელი ლელოებით ასიამოვნეს. ირლანდიელებმა 42:33 იმარჯვეს და მეტოქესაც მისცეს 5 ლელოს გატანით პრემიალური ქულის აღების უფლება.   

 

თბილისის თასი. 2013 წელი. “ავჭალა”

16 ივნისი. კვირა. III რაუნდი

საქართველო - სამხ. აფრ. საპრეზიდენტო  16:21

საქართველო: 15. ირაკლი ყიასაშვილი, 14. ბექა წიკლაური, 13. დავით კაჭარავა (კაპ.), 12. თამაზ მჭედლიძე (21. რევაზ ჯინჭველაშვილი 80), 11. ალექსანდრე თოდუა (22. ზურაბ ძნელაძე 65), 10. ლაშა მალაღურაძე, 9. ვაჟა ხუციშვილი (20. გიორგი როხვაძე 65); 1. ანტონ ფეიქრიშვილი (ჩილაჩავა 75), 2. შალვა მამუკაშვილი (16. რევაზ ბელქანია 41), 3. ლევან ჩილაჩავა (17. გიორგი თეთრაშვილი 54), 4. ვახტანგ მაისურაძე (18. სიმონ მაისურაძე 62), 5. კონსტანტინე მიქაუტაძე, 6. გიორგი ნემსაძე, 7. გივი ბერიშვილი (19. გიორგი თხილაიშვილი 22), 8. ბექა ბიწაძე.

მწვრთნელი: მილტონ ჰეიგი

 

ურუგვაი - მზარდი ირლანდია 33:42

 

  1. აფრიკა                   3       3       0       0       77-33 13
  2. ირლანდია             3       2       0       1       70-67  9
  3. საქართველო         3       1       0       2       58-44  6
  4. ურუგვაი                3       0       0       3      45-106 1
0.858646