სტატიები

18:17 | 26.07.2012 | ნანახია [] - ჯერ

ტაში პატარა საბას!

დანა ქაფზე 850 გუნდიდან 300 ნორვეგიულია და მასპინძლების შემდეგ ყველაზე მეტი მაყურებელი ამ ჩრდილოური ქვეყნის გუნდებს ჰყავთ, მაგრამ საოცარი სანახავი იყო თბილისის “ლოკომოტივისა” (მწვრთნელები – ლაშა გაფრინდაშვილი, მალხაზ ქოქაშვილი) და ნორვეგიული “ნიუმარკის” მატჩის ბოლო – ყველა ქართველებს ქომაგობდა! ჩვენებმა იოლად დაჯაბნეს ვიკინგები, სანდრო შინჯიკაშვილმა ორი ლამაზი გოლი შეაგდო, ოთარ კუხალაშვილმაც ერთი მიუმატა და ჩვენების ოსტატობით ნორვეგიელთა გულშემატკივრები ისე აღფრთოვანდნენ, რომ საკმარისი იყო, ბურთი ტანდაბალ საბა ნახუცრიშვილს მიეღო, რომელიც ტექნიკის დემონსტრირებას ახდენდა - ტაშით აცილებდნენ მაღალი ნორვეგიელები პატარა საბას, რომელიც ისე ჩანდა მათთან, როგორც დავითი გოლიათთან... მეორე მატჩიც საუკეთესოდ ჩაატარეს თბილისელებმა და ამჯერადაც ნორვეგიული “სტოკე” დაჯაბნეს 4:0! გიორგი ღვინიაშვილმა სამი გოლი შეაგდო, მეოთხე - გიო დობორჯგინიძემ, მათ გარდა კი საუკეთესო გუნდის კაპიტანი ნიკა კევლიშვილი იყო. მესამე თამაშში ჩვენები შვედურ “სტუფსტას” ხვდებიან.
“საქართველოს უნივერსიტეტის” უფროსი ასაკის გუნდმა (1993-94, მწვრთნელი ზაზა დიდებაშვილი) კი ცუდად დაიწყო და როგორც ქართველებს სჩვევიათ, ჯგუფში ყველაზე სუსტთან – ნორვეგიულ “ფლეკენფიორდთან” 2:3 (გოლები გიორგი დავითიანი, ირაკლი ვერძეული) დამარცხება მოახერხა (აქვე ვიტყვი, რომ ამ გუნდმა ორივე თამაში წააგო და ბოლო ადგილზე გავიდა, ჩვენებს კი შემდეგ მატჩებში გვარიანმა ოფლისღვრამ მოუწიათ). სამი დარტყმულიდან ნორვეგიელებმა სამივე გაიტანეს, ჩვენებმა კი სამჯერ მარტო კარი ძელს გაარტყეს, კიდევ სამჯერ სასწაულად ააცილეს ცარიელ კარს და ვერც მატჩის ბოლო წუთზე კარის ხაზიდან 7 მეტრში დადებული თავისუფალი დარტყმა გამოიყენეს. მომდევნო თამაშში ჩვენებმა ადგილობრივი ქალაქ ჰიორინგის გუნდის დუბლშემადგენლობა გაანადგურეს 3:0. ჯერ გიორგი მამუკელაშვილმა წამოიწყო შეტევა, რომელიც გიორგი ქვილითაიამ ზუსტი საგოლე პასით გაატანინა დავითიანს, მერე ისევ ქვილითაიას პასით გაგნიძემ გააორა და ბოლოს იმავე ქვილითაიამ თავზე ლამაზად გადაუგდო მეკარეს. მესამე, გადამწყვეტ მატჩში ჯგუფის ლიდერ ნორვეგიულ “როლონს” დაძაბულ თამაშში ჩვენებმა 2:0 სძლიეს, გიორგი გაგნიძემ ორი საგოლე პასი მიითვალა, პირველ შემთხვევაში ისეთი ფინტებით გაიარა მარჯვენა ფრთაზე, მეტოქეები პირღია დატოვა, დუბლი კი ბრწყინვალედ მოთამაშე გიორგი ქვილითაიამ გაიფორმა. კარგად ითამაშეს მარცხენა ფლაგზე გუნდის კაპიტანმა ირაკლი ვერძეულმა და ცენტრალურმა მცველმა ირაკლი ჭოჭუამ. ჩვენები მეთექვსმეტედფინალში გავიდნენ, სადაც ნორვეგიული “ლუნგდალი” ელოდებათ.
პატარა უნივერსიტეტელები კი ძალიან ცუდად გამოდიან, არადა ლობჟანიძის გოლით ნორვეგიულ “სოტრასთან” თამაშს 1:0 იგებდნენ, მაგრამ 1:2 წააგეს, ისევე, როგორც შვედეთის “ლინჩოპინგთან” 0:2.

 

მამუკა კვარაცხელია სპეციალურად worldsport.ge-სთვის დანიიდან
ავტორის ფოტო

 

0.221797