თორნიკე ოქრიაშვილმა, რომელიც ოდესის “ჩერნომორეცთან” ერთად თურქეთში შეკრებას გადის, უკრაინულ კლუბში მეორე ამხანაგური თამაში ჩაატარა.
ოდესელებმა რუმინული “უნივერსიტატეა” 2:0 დაამარცხეს და საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა მოედანზე მეორე ტაიმი დაჰყო. ოქრიაშვილმა “ჩერნომორეცის” მიერ გამართულ პირველ სპარინგშიც ითამაშა ალბანურ “კუკესისთან” და გოლიც გაიტანა. მისი სატრანსფერო უფლებები დონეცკის “შახტარს” ეკუთვნის და ჯერ ოდესელებთან საიჯარო ხელშეკრულება არ გაუფორმებია.
რუსეთის პირველ დივიზიონში მოასპარეზე ხაბაროვსკის “სკა-ენერგიამ”, რომელიც სეზონის განახლებისთვის ისრაელში ემზადება, ადგილობრივ მესამე ლიგის “კირიათ-გათს” 4:0 აჯობა. ხაბაროვსკელთა ქართველი ლეგიონერებიდან მხოლოდ გიორგი ნავალოვსკიმ ითამაშა. ის თამაშში შესვენების მერე ჩაერთო. გოგიტა გოგუა და კახა ალადაშვილი ჯერ გუნდს არ შეერთებიან.
პოლონეთის ექსტრაკლასას (უმაღლესი ლიგა) წარმომადგენელმა “იაგელონიამ”, სადაც ნიკა ძალამიძე და გიორგი ფოფხაძე თამაშობენ, საკონტროლო მატჩში ქვედალიგელ “სტომილს” 1:0 მოუგო. ქართველ ლეგიონერები მოედანზე არ გამოჩენილან.
ლატვიის “ზამთრის თასზე” “ვენტსპილსმა” “მეტტას” 3:0 სძლია. თორნიკე თარხნიშვილმა გამარჯვებულთა რიგებში მეორე ტაიმში ითამაშა. შარშან, ქართველმა ნახევარმცველმა “ვენტსპილსთან” ერთად ლატვიის ჩემპიონობა მოიგო. ის წელსაც ხსენებული გუნდის ღირსებას დაიცავს.