ფეხბურთი

18:30 | 27.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

თარხნიშვილი ლატვიის ჩემპიონობას უახლოვდება

 

ლატვიის ჩემპიონატში თორნიკე თარხნიშვილის "ვენტსპილსმა" გასვლაზე 5:0 სძლია აუტსაიდერ "ილუკშტესს". თარხნიშვილი 67-ე წუთზე შევიდა მინდორზე, როცა მისი გუნდი სამი ბურთით იგებდა. "ილუკშტესში" კი სამმა ქართველმა ითამაშა: გიორგი ხუმარაშვილიმა, ლევან ჯალიაშვილმა და გიორგი ტუხაშვილმა. "ვენტსპილსი" ლიდერია, 2 ქულით უსწრებს თამაზ პერტიას გაწვრთნილ "სკონტოს" და სულ 2 ტურია დარჩენილი. ასე რომ, თარხნიშვილი ჩემპიონობას უახლოვდება.

საინტერესოა, რომ "სკონტოს" 25 ტურში წაგება არ აქვს (17 მოგება, 8 ფრე) და მაინც დიდი შანსია, ოქროს გარეშე დარჩეს.  

მესამე ადგილზე "დაუგავპილსია", რომელმაც გასვლაზე 3:0 აჯობა "იურმალას". მამუკა ღონღაძეს გოლი არ გაუტანია – ის 54-ე წუთზე შეიყვანეს მინდორზე და 86-ზე ისევ შეცვალეს. ბიძინა ცინცაძეს არ უთამაშია.    

რუსეთში "რუბინმა" შინ 1:2 წააგო მოსკოვის "ლოკომოტივთან" და მეცხრე პოზიციაზეა. საბა კვერკველია 88-ე წუთზე შევიდა მინდორზე.

გიორგი ილურიძის "ჰაიდუკმა" შინ 3:1 სძლია "ლოკომოტივას" და ხორვატიის ჩემპიონატს ლიდერობს. ილურიძემ ამ შეხვედრაში საგოლე პასი მიითვალა. კარგი დრიბლინგი განახორციელა და ბენცუნის გოლიც ქართველის დამსხურება იყო.

ავთო ებრალიძის "ჟილ ვისენტემ" გასვლაზე 1:0 აჯობა "რიო ავეს". ქართველი შემტევი ნახევარმცველი კვლავაც სასტარტოში გახლდათ და ბოლოს, მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე შეცვალეს. "ჟილ ვისენტე" მეოთხე საფეხურზეა, რაც ამ გუნდისთვის მშვენიერი შედეგია.

0.134575