ფეხბურთი

11:21 | 10.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

თარხნიშვილი ლატვიის ჩემპიონი გახდა, "ვიტესმა" კვლავ ბოლოს მოიგო, ებრალიძე გააძევეს

ლატვიის "ვენტსპილსი" ისტორიაში მეხუთედ გახდა ქვეყნის ჩემპიონი: ბოლო ტურში თორნიკე თარხნიშვილის გუნდს მოგება სჭირდებოდა გასვლაზე რიგის "დაუგავასთან" და 1:0 იმარჯვა. თარხნიშვილი 87-ე წუთზე შევიდა მინდორზე და ყვითელი ბარათის მიღებაც მოასწრო. 

23 წლის ნახევარმცველმა თარხნიშვილმა პირველი სეზონი ჩაატარა "ვენტსპილსში" და ლატვიის ჩემპიონიც გახდა. მან სეზონში 20 მატჩში ითამაშა და 3 გოლი გაიტანა.

თამაზ პერტიას გაწვრთნილმა "სკონტომ" შინ 0:2 წააგო "ელგავასთან" და სხვათა შორის, ეს იყო სკონტოელთა ერთადერთი მარცხი სეზონში. თუმცა, მოიგებდა თუ წააგებდა, აზრი აღარ ჰქონდა – "ვენტსპილსს" ვეღარ ეწეოდა.

ჰოლანდიის ერედივიზიონის ლიდერად იქცა არნემის "ვიტესი", რომელმაც შინ 3:1 სძლია "უტრეხტს". გურამ კაშიამ შეუცვლელად ითამაშა და გაფრთხილებაც მიიღო, ვაკო ყაზაიშვილმა ბოლო 25 წუთი გაატარა მინდორზე და აქტიურიც გახლდათ შეტევებში, ხოლო გიორგი ჭანტურია სათადარიგო იყო. ერთადერთი, ვინც შეიძლება "ვიტესს" დღეს გადაასწროს, "ალკმაარია".

ერთი რამ საინტერესოა: "ვიტესი" როცა თამაშობს, მეტწილად, შეხვედრის ბოლო წუთებზე ტრიალდება თამაშის ბედი. 86-ე წუთამდე 1:1 იყო.

პორტუგალიის თასის მერვედფინალში გავიდა ავთო ებრალიძის "ჟილ ვისენტე", თუმცა საამისოდ ქვედალიგელ "პიედადესთან" პენალტების სერია დასჭირდა (0:0, 4:3). ებრალიძე შეხვედრის 90-ე წუთზე... გააძევეს. ორი ყვითელი ბარათი მიიღო.

თურქეთში ზურაბ ხიზანიშვილის "ქაისერისფორმა" შინ 0:3 წააგო "ბეშიქთაშთან" და ბოლო ადგილზეა. "ხიზანა" სასტარტოში გახლდათ და 84-ე წუთზე შეცვალეს.

ხორვატიაში "ჰაიდუკმა" 2:0 აჯობა "ისტრას" და ლიდერია, თუმცა ერთი ქულით უსწრებს ზაგრების "დინამოს", რომელსაც მატჩი მარაგში აქვს. გიორგი ილურიძე განაცხადში არ გახლდათ. მიზეზი ტრავმაა, რაზეც "ჰაიდუკის" მწვრთნელმა იგორ ტუდორმაც ისაუბრა.

0.117794